იური ლომაძე
Aa
Aa

„შეცდომა დავუშვი, ჩელენჯი არ უნდა მომეთხოვა“ - ინტერვიუ იური ლომაძესთან

იური ლომაძისთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი კარიერაში ყველაზე გამორჩეული იყო. 29 წლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ პლანეტის პირველობაზე მედალი პირველად მოიპოვა და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ლომაძემ ტურნირი მერვედფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ზაჰაბ ხალილის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში აზიის მოქმედი ჩემპიონის, ყაზახი ალმატბეკ ამანბეკის ძლევა მოჰყვა, ნახევარფინალში კი, უნგრელ კრისტიან ვანცასთან წააგო. მეორე დღეს გამართულ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იურიმ უკრაინელი ფარვიზ ნასიბოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

უფრო მეტის გაკეთება რომ შეეძლო, ამის თაობაზე ლომაძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და მარცხის მთავარ მიზეზად საკუთარი შეცდომა დაასახელა. იურის განვლილ კარიერასა და სამომავლო გეგმებზეც ვკითხეთ და საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო დიალოგი გამოვიდა.

იური ლომაძე

მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოეულ წონით კატეგორიაში პლანეტის საუკეთესო მოჭიდავეები ასპარეზობენ და კონკურენციაზე საუბარი ზედმეტია. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბრინჯაოს პრიზიორობა მაქსიმუმი იყო, მაგრამ მსოფლიოზე ჩემთვის პირველი მედალი გახლდათ და კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ მეხუთე ცდაზე მიზანს მივაღწიე. ამ შეჯიბრებაზე ასპარეზობიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ფინალშიც შემეძლო გასვლა, მაგრამ ჩემი შეცდომისა და ზედმეტი ემოციების გამო, ამის გაკეთება ვერ შევძელი.

ნახევარფინალში უნგრელ მეტოქესთან 3:1-ს ვიგებდი. იყო ერთი ზონაზე გასვლის ეპიზოდი და სადავო იყო, ვინ გადგა პირველი ფეხი და მწვრთნელს დაჟინებით მოვთხოვე ჩელენჯის შემოგდება. კი იცით, რომ თუ გააპროტესტებ და განხილვა შენს სასარგებლოდ არ დასრულდება, მეტოქეს ქულა ემატება და ამ ქულით მე ვაგებდი შეხვედრას 3:3-ზე და დაწყნარებულად რომ გამეთვალა, რომ 3:3-ზე წავაგებდი, წესით და რიგით, არანაირად არ უნდა მომეთხოვა ეს ჩელენჯი, მაგრამ იმ მომენტში იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ქულა იყო, შემოვაგდებინე ჩელენჯი და ზუსტად ამის გამო დავმარცხდი.

შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ვფიქრობდი, რომ ვიყავი საუკეთესო ფორმაში. თანაც, ორი წლის განმავლობაში, ოლიმპიადაზე მოხვედრისთვის 77 კილოგრამში გამოსვლის შემდეგ, ჩემს წონაში, 72 კილოში ვიყავი დაბრუნებული. ევროპამდე და მსოფლიომდე სარეიტინგო ტურნირები ორი ვიჭიდავე და ორივეში ჩემპიონი გავხდი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ კონტინენტის პირველობაზე უმედლოდ დავრჩი და იმ სპორტსმენთან წავაგე, რომელიც იმ სარეიტინგო ტურნირზეც ასპარეზობდა, რომელშიც მე გავიმარჯვე და სამწუხაროდ იგივე დამემართა მსოფლიოს ჩემპიონატზეც. სპორტი ისეთი რამ არის, რასაც დააკლებ, უკან ცუდად გიბრუნდება და ალბათ შარშან მე შრომა დავაკელი - შრომა და მობილიზება.

რატომ ვეღარ ვიგებთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს მედლებს? ნებისმიერ სპორტის სახეობაში, ნებისმიერ გუნდს აქვს ჩავარდნის პერიოდი. ჯანსაღი კრიტიკა ყველა სპორტსმენისთვის მისაღებია, მაგრამ ადამიანები რომ დაჯდნენ და ჩვენ ვარჯიშებს უყურონ, რამდენს ვშრომობთ, შესაძლოა ყურებითაც ვერ გაუძლონ. ადამიანის შესაძლებლობებს საზღვრები არ აქვს, მაგრამ იმაზე მეტსაც კი ვაკეთებთ ალბათ, რაც შეგვიძლია. ფიზიკური მომზადების სპეციალისტი უცხოეთიდან გვყავს მოწვეული, ექიმები, მწვრთნელები, ფსიქოლოგები, რავიცი ყველა ჩართულია. ეს წარუმატებლობაც სპორტისა და ჩვენი გზის ნაწილია. როგორც ასეთი, რამე გვინდოდეს ნაკრების წევრებს და რაიმე გვაკლდეს, ასეთი რამ არ მახსენდება. შეკრება, ვარჯიში, ფედერაციის ხელმძღვანელების მხრიდან ყურადღება - არაფერი არ გვაკლია. მჯერა, რომ სულ მალე წარმატების გზას დავადგებით და ყოველი მომდევნო წელი უკეთესი იქნება.

ჩემი წონა 72 კილოგრამი სამწუხაროდ ოლიმპიური არ არის. ოლიმპიადაზე რომ მოვხვდე, ან უნდა გადავიდე 77-ში, რაც ერთხელ უკვე ვცადე და არ გაამართლა, ან უნდა დავიკლო 67-მდე. წონის კლება გამორიცხულია, ვერ ვიკლებ. კი შეიძლება დავიკლო, მაგრამ ვერ ვიჭიდავო, რადგან მოგეხსენებათ, იწონები და ორ საათში ჭიდაობა იწყება. მომატებაც რომ ვცადე, არ ვიცი რანაირი ორგანიზმი მაქვს, ორი წელი მთელი ჩვენი სამედიცინო შტაბი ჩართული იყო, რომ მე წონა მომემატებინა. 77 კილოგრამში რომ იჭიდაო, მინიმუმ უნდა იყო 80-81 კილოგრამი რომ შესაბამისი ჯანი გქონდეს და ამ დროს მე 77-ს ვერ ავცდი ვერანაირად. უშუალოდ შეჯიბრებაზე კი იცით, რამხელა ემოციაა და რამდენი ნერვიულობა გიწევს, მაგაზე ცალკე წონა მაკლდებოდა და ვიყავი 75 კილოგრამი და სწორედ ამიტომ გამიჭირდა. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩემი კარიერა ისე არის, რომ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლები მაქვს სადარდებელი, რადგან რომც რაიმე შეცვალონ, 2032 წლის ოლიმპიადაზე არა მგონია ვიჭიდაო, რადგან სპორტსმენის კვალობაზე ძალიან ასაკიანი ვიქნები.

ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში? 2003 წელს, 7 წლის ასაკში ვიჭიდავე პირველი შეჯიბრება. ბაბუა მყავდა მოჭიდავე და მისი დამსახურებაა თავიდან ბოლომდე რომ ამ სფეროში ვარ. როდესაც მეკითხებიან, როდის დაიწყე ვარჯიშიო, ნამდვილად არ მახსოვს, რადგან ოზურგეთში სახლის წინ მქონდა დარბაზი, ბაბუაც ახლოს ცხოვრობდა და ყოველ დილით იქ ვიყავი, ანუ ფაქტიურად დარბაზში გავიზარდე. სწორედ ბაბუა იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა, მანამდე კი ყველა ტურნირზე დამყვებოდა. მოკლედ, 2007 წლამდე დავდიოდი ანზორ ლომაძესთან და პირველი ნაბიჯები მისი ხელმძღვანელობით გადავდგი. შემდეგ გადავედი ძმებ ვალერი და ზურაბ ზურაბიანებთან, რომლებიც დღემდე ჩემი პირადი მწვრთნელები არიან. ნაკრებში ჩემი პირადი მწვრთნელია ბექა როყვა, ხოლო ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია ვლადიმერ გეგეშიძე. ჭიდაობა კი ინდივიდუალური სპორტია, მაგრამ იცით, როგორი ნაკრები გვყავს? წარმატებას ერთიანობით ვაღწევთ და მუდამ ერთმანეთს ვუწყობთ ხელს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატამდე იური ლომაძეს 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონატზე ორი მედალი ჰქონდა მოპოვებული. 2020 წელს რომში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ოზურგეთელი სპორტსმენი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2024 წელს ბუქარესტში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მსოფლიო ჩემპიონატი | ლოლუას ბრინჯაო და კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი
    მსოფლიო ჩემპიონატი | ლოლუას ბრინჯაო და კიდევ ერთი ბრინჯაოს შანსი