„ფსიქოლოგიურად გატეხილს ამ ბრინჯაომ რწმენა დამიბრუნა“ - ინტერვიუ ლაშა გობაძესთან
ყაზახეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა და ერთ-ერთი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა, ლაშა გობაძე იყო. 32 წლის ფალავანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უზბეკი მუჰამადკოდირ რასულოვი 5:1 დაამარცხა. შესაძლოა ბევრი ფიქრობდეს, რომ მისი დონის მოჭიდავისთვის, რომელიც 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, მესამე ადგილი წარუმატებლობაა, მაგრამ თავად ასე არ მიიჩნევს, რადგან ბოლო ხუთი წელიწადში მედლის მოპოვებას პლანეტის უდიდეს ფორუმზე ვერაფრით ვერ ახერხებდა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გობაძემ განვლილი ტურნირის შეჯამების გარდა, წარსულში არსებულ სირთულეებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ლაშა გობაძე
მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლიმპიურ წონებში ყოველთვის ძალიან დიდი კონკურენციაა. არაოლიმპიურ წონაში, 82 კილოგრამში მაქვს პლანეტის პირველობა მოგებული, შემდეგ წავედი ოლიმპიურ თამაშებზე და მედალი ავიღე, მაგრამ ამის მერე მქონდა ძალიან დიდი ჩავარდნა. იცით როგორ არის? ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ, როდესაც მიყოლებით რამდენიმე შეჯიბრებაზე ვერაფერს აღწევ, თავდაჯერებულობის დაბრუნება გიჭირს. გარდა ამისა, წონის კლების პრობლემაც მქონდა და ესეც წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი იყო. ერთს აღვნიშნავ, ბოლო ხუთი წელი მედალს ვერ ვიღებდი, მაგრამ მხოლოდ 2025-ში იყო პირველივეზე რომ წავაგე, დანარჩენ შემთხვევაში კი მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვიყავი.
ჭიდაობა ისეთი სპორტია, რომ მხოლოდ ერთი შედიხარ ხალიჩაზე და გუნდური არ არის, სადაც შეიძლება შენ ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და შენი ჩავარდნა თანაგუნდელმა გამოასწოროს. თუ თავს ცუდად გრძნობ ტურნირის დღეს, ან ცუდად ხარ მომზადებული, შენ თვითონ აგებ ყველაფერზე პასუხს. აქედან გამომდინარე, მოპოვებულ ბრინჯაოს დადებით შედეგად მივიჩნევ, რადგან მერწმუნეთ, ხუთი წელი უმედლოდ ყოფნა ძალზედ რთულია. ახალგაზრდობაში შესაძლოა ამეტანა, მაგრამ რაც ასაკში შევედი, ამასთან შეგუება უზომოდ მიჭირდა. მოკლედ რომ გითხრათ, ფსიქოლოგიურად ვიყავი გატეხილი, ამ ბრინჯაოს მედალმა კი, კიდევ ერთხელ დამაჯერა, რომ შემიძლია და გარკვეული ასპექტების დახვეწის შემთხვევაში, ძველებურ სიმაღლეებს დავუბრუნდე.
კონკურენტები 2028 წლის ოლიმპიურ თამაშებზე? ჩემს წონაში თუ არ ვცდები, ხუთი, ან ექვსი მსოფლიოს ჩემპიონია. გარდა ამისა, ექვსიდან რვამდე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონები მეყოლება მოწინააღმდეგეები. ამას პლუს აზიის ჩემპიონები, რომლებიც არანაკლებ ძლიერები არიან ევროპის ჩემპიონებზე. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, რადგან ერთი თავით მაღლა არც ერთი მოჭიდავე არც ერთზე არ დგას. მე შემიძლია ქართველ გულშემატკივრებს დავპირდე, რომ პირველ რიგში ჩემ თავთან მაქვს სალაპარაკო და სხვანაირად უნდა განვეწყო. ორჯერ ვიასპარეზე ოლიმპიადაზე და იცით რა დამაკლდა? მოთმინება. ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბევრჯერ მიჭიდავია, მაგრამ ოლიმპიურ თამაშებზე საერთოდ სხვა გარემოა და რაღაცნაირად ემოციურად კარგი არის, თუ ცუდი, ჯერ ვერ გავიგე. ყოველ შემთხვევაში, ჩემში ეიფორიას იწვევს, რადგან როგორ გითხრათ, ვერ გავიღვიძე როგორც საჭიროა, რომ ამ უდიდეს სპორტულ მოვლენაზე მაქსიმუმი გამეღო და განმეცადა.
ახლა მთავარია, რომ საკუთარი თავი ისე განვაწყო, ოლიმპიადამდე მივიდე კარგად და თუ კარგად მივედი, აუცილებლად მაღალ დონეზე ვიჭიდავებ, რადგან ზურგს უდიდესი გამოცდილება მიმაგრებს. მენტალურად უნდა ვიყო კარგად, ოღონდ ოლიმპიადაზე არა, ოლიმპიადამდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, რადგან როდესაც მენტალურად ყველაფერი რიგზე იქნება, მზადების პროცესის დროსაც მეტ მოთმინებას გამოვიჩენ, ხოლო დანარჩენი უკვე ღმერთის ნებაა.
შიდა კონკურენციას ჩემს წონაში რაც შეეხება, გურამ ხეცურიანი და აჩიკო ბოლქვაძე არიან, აივენგო რიკაძემ კი თუ არ ვცდები თავი დაანება და ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს წასვლას. ხეცურიანთან და ბოლქვაძესთან მაქვს ნაჭიდავები და როგორც მოგებული, ასევე წაგებული მაქვს. ასე რომ, თუ შევხვდებით ერთმანეთს, ყველას ბოლომდე გვექნება საბრძოლველი, რადგან ისინი იმდენად დიდი პროფესიონალები არიან, რომ მათთან პატარა შეცდომაც წაგების ტოლფასი იქნება.
რატომ ვეღარ ვიგებთ ოქროს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე? ძალიან რთული შეკითხვაა, რადგან მწვრთნელებთან ერთადაც ბევრჯერ გვისაუბრია და სხვათა შორის, ახლაც იყო ლაპარაკი მაგასთან დაკავშირებით. შეკრებები საზღვარგარეთ, საქართველოში, ამის კომფორტი ნამდვილად გვაქვს, არაჩვეულებრივ შეჯიბრებებზე დავდივართ უნგრეთში, ხორვატიაში, აქაც ჩამოდიან ძლიერი გუნდები, სავარჯიშო პროცესიც მშვენიერი გვაქვს, მაგრამ არ ვიცი აი, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ რისი ბრალია ოქროს გარეშე დარჩენა, არ ვიცი. შეიძლება პატარ-პატარა რაღაცეებს მივედ-მოვედოთ, მაგრამ ტოტალურად რომ გითხრათ ამის ბრალია-თქო, ასე კონკრეტულად ვერაფერს დავაბრალებ.
ერთი რამ ცხადია - რა შედეგიც გვაქვს, იმაზე გაცილებით მეტს ვვარჯიშობთ. ახლა ავიყვანეთ ძალიან კარგი ფრანგი მწვრთნელი და გარკვეულ პროგრესს ვგრძნობთ, თუმცა სულ რაღაც ორი თვეა რაც ჩვენთან არის და თავისთავად ეს საკმარისი არ გახლავთ. გვპირდება, რომ კარგ შედეგებზე გაგვიყვანს და ნათლად დაგვანახებს, რაში გვაქვს მოსამატებელი. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი ძალიან დაგვეხმარება ფიზიკურ მომზადებაში, გამძლეობაში, ხალიჩაზე მუშაობა არ გვაკლია და ცოტა იღბალიც რომ ჩვენს მხარეს იყოს, მთლად უკეთესი იქნებოდა.
იღბალზე როდესაც ვსაუბრობ, ბევრი რამ მახსენდება. მაგალითად, რამაზ ზოიძე ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის კანდიდატი იყო, თუმცა ზუსტად იმ დღეს, როდესაც უნდა ეჭიდავა, მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. არ გაუმართლა რობერტ კობლიაშვილსაც, მძიმე წონაში არ გვყავს იაკობ ქაჯაია, რომელიც ახლა ჩაერთვება და წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს და ფორტუნამ ჩვენც უნდა გაგვიღომოს.
შეგახსენებთ, რომ ხუთწლიან წარუმატებელ პერიოდამდე, ლაშა გობაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი ჰქონდა მოპოვებული. საუკეთესო ტურნირი მან 2019 წელს ჩაატარა, როდესაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, ხოლო 2015 და 2021 წლებში ბრინჯაოსა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს