უმძიმესი კონკურენციის ფონზე - ლოლუა რეიტინგის ლიდერია
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჰყავს. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, 19 წლის ვახტანგ ლოლუა უმძიმესი კონკურენციის პირობებში, უძლიერეს მეტოქეებს ტოლს არ უდებს და 55 კილოგრამ წონითი კატეგორიის რეიტინგის ლიდერია.
განახლებული რეიტინგის მიხედვით, ლოლუა, რომელიც შარშან მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, წელს ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალს დასჯერდა, 55 კილოგრამში დაგროვებული 53 000 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე-მესამე პოზიციებს უზბეკი იხტიორ ბოტიროვი და ირანელი პაიამ აჰმად ბალოოტაკი იკავებენ. აქვე გეტყვით, რომ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლოლუას გარდა ქართველებიდან რეიტინგში საუკეთესო შედეგი გელა ბოლქვაძეს (82 კგ) აქვს, რომელიც მეორე ადგილზეა, ხოლო გიორგი მელია მეხუთე საფეხურს იკავებს.
ცნობისათვის, ასევე გამოქვეყნდა თავისუფალი სტილით ჭიდაობის რეიტინგიც, სადაც გიორგი ელბაქიძე (74 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) წონის მეორე ნომრები არიან, ხოლო აკაკი ქემერტელიძე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილზეა.