აბუაშვილის, გაგუას და მექვაბიშვილის ღირებულება გაიზარდა | Transfermarkt-ის განახლებული ფასები
Transfermarkt-მა ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა. ყველაზე შთამბეჭდავი ზრდა გიორგი კვერნაძეს შეეხო, 4 მილიონიდან 8 მილიონამდე გაიზარდა (იხილეთ).
გასული სეზონის დასრულების შემდეგ გიორგი აბუაშვილის სატრანსფერო ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენდა, განახლებული მონაცემებით კი 1.5 მილიონი ევრო გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის შემტევმა ლიგა 2-ის შვიდ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, გუნდის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს. „მეცის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვით, გულშემატკივრებმა ის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„დუნაისკა სტრედას“ ქართველი „ათიანის“, გიორგი გაგუას სატრანსფერო ფასი 400 000-დან 700 000 ევრომდე გაიზარდა. მან ჩემპიონატის 8 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, კონფერენს ლიგის ოთხ შეხვედრაში კი მის აქტივში 1 გოლი და 1 საგოლე პასი იყო. გარდა ამისა, სლოვაკეთის თასის 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავური დარტყმით გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, 13 შეხვედრაში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემა ბრწყინვალე შედეგია და მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც სრულიად ლოგიკური იყო.
ანზორ მექვაბიშვილის საბაზრო ღირებულება 2 მილიონიდან 2.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ქართველი ნახევარმცველი ახლახან რუმინული „კრაიოვადან“ MLS-ის კლუბში გადავიდა — ტრანსფერის ფასმა 2 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო ბონუსების გათვალისწინებით თანხამ შესაძლოა 3 მილიონი შეადგინოს.
რაც შეეხება ნოდარ ლომინაძეს, მისი ფასი მაისის მიწურულს, როცა „ეშტორილში'' თამაშობდა, 700 000 ევრო იყო, „ტორპედო ქუთაისში“ გადასვლის შემდეგ კი 600 000 ევრომდე შემცირდა.