იან დიომანდე
Aa Aa

გარდაცვლილი დის ხსოვნისთვის - დიომანდეს გზა კოტ-დ’ივუარიდან რეალამდე

ძვირფასო როქსან..

გახსოვს, ერთხელ ვიღაცამ „იუნაიტედის“ ყალბი მაისური მიყიდა და ზურგზე შავი მარკერით „Ronaldo 7“ მივაწერე?         

ჩვენ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა მდიდარი ან ღარიბი. უბრალოდ ბედნიერება ვიცოდით..

გახსოვს, აბიჯანში ერთ სახლში 25 ადამიანი რომ ვიძინებდით? დედას თავისი სერიალების ყურება უნდოდა, დანარჩენებს კი — ფილმების. გახსოვს, როგორ ვიმძინარებდი ხოლმეთავს. მერე კი, შუაღამის შემდეგ, ჩუმად შევდიოდი ტელევიზორის ოთახში? ტელევიზორს სულ დაბალ ხმაზე ვრთავდი — დაახლოებით ორ ზოლზე. სიბნელეში ფეხბურთს ვუყურებდი და ვოცნებობდი..

გახსოვს, როცა უფროსებმა დამინახეს, როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს მტვერში და „რობერტო კარლოსი“ შემარქვეს, რადგან დარტყმა ძალიან ძლიერი მქონდა? გახსოვს, ამის გამო გულში როგორ ვბრაზდებოდი, რადგან ჩემი კუმირი კრიშტიანუ რონალდუ იყო?

გახსოვს, როცა სახლიდან ძალიან შორს წავედი სათამაშოდ? ცხრა წლის ვიყავი. „ინტერ ფუტ სუდ კომოე“ — განას საზღვართან, ძალიან შორს. უბრალოდ პატარა ბიჭი, რომელიც მარტო იყო. არ ვიცი, ოდესმე მოგიყევი თუ არა ეს ამბავი, მაგრამ მე და სხვა ბავშვები სოფელში დავდიოდით და კარტოფილს ვიპარავდით, რადგან ძალიან გვშიოდა..

„ბანკის ძარცვას“ ვაწყობდით. ორი ბავშვი მაღაზიის მეპატრონის ყურადღებას იქცევდა, დანარჩენი 18 კი ორი კარტოფილით გარბოდა. თან არც კი ვარგოდა. მაგრამ ჩვენთვის საოცრად გემრიელი იყო. ჰაჰაჰა. დღემდე ჩემი საყვარელი საჭმელია — მოხარშული კარტოფილი ცოტა ზეთით. ეს იმ დროს მახსენებს..

გახსოვს, როცა პირველი ნამდვილი საფეხბურთო ბუცები მივიღე და მათთან ერთად მეძინა? ბავშვობაში სულ თეთრი პლასტმასის ჩუსტებით ვთამაშობდი. ახლაც კი, როცა სახლში ვბრუნდები, ისევ იმ ჩუსტებით ვთამაშობ. ეს ჩვენი ტრადიციაა..

გახსოვს, სახლში რომ ვბრუნდებოდი და ჩემს უბნელ მეგობრებს ეუბნებოდი: „რატომ შეწყვიტეთ ვარჯიში? იანი მანქანებს არ გიყიდით. უნდა გააგრძელოთ მუშაობა.“

ათი წლის იყავი და უკვე ჩემი აგენტი იყავი...

გახსოვს, როგორ ვისხედით ხოლმე და საფრანგეთში გადასვლაზე ვოცნებობდით? როგორ ვაპირებდით ერთად სავაჭროდ წასვლას, საკუთარი ბინის ქონას, მე კი მდიდარი ფეხბურთელი უნდა გავმხდარიყავი — მანქანებითა და დიდი სახლით — და შენ აღარაფერზე უნდა გეფიქრა. შენ იყავი ადამიანი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა, რომ შეიძლება მომავალი კრიშტიანუ ვყოფილიყავი, მაშინ როცა ყველა სხვა დამცინოდა.

გახსოვს, 15 წლის ასაკში სკოლაში სასწავლებლად ამერიკაში რომ გადავედი და როგორ მენატრებოდა სახლი? თვეების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რას ამბობდნენ გარშემო. ფრანგ ბავშვთან დამსვეს მერხზე და ის ცდილობდა, მასწავლებლის ნათქვამი ჩემთვის ეთარგმნა. გახსოვს, როგორ დაგირეკე და გითხარი: „ვერ დაიჯერებ, აქ ბავშვები მასწავლებლებს ეკამათებიან.“

სახლში ხომ იცი, უფროსებისთვის თვალის შეხედვესაც კი ვერ გავბედავდით..

გახსოვს, როგორ ვერ ვიჯერებდი, რომ ბავშვები სკოლის შემდეგ ეწეოდნენ?

შენ ამბობდი, ამერიკულ სატელევიზიო შოუში მგონია თავი, ისე ვყვები ამ ყველაფერსო..

გახსოვს, „ბორნმუთში“ სინჯებზე რომ წამიყვანეს? მერე „ჩელსიში“, „რეინჯერსში“, „ოლიმპიაკოსში“, „კრისტალ პალასში“? ეზე და ოლისე კი ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ თვითონ მომიახლოვდნენ და მითხრეს: „ჰეი, ბიჭო, ძალიან მაგრად თამაშობ.“

მაგრამ მაინც არავინ ამიყვანა..

MLS-ის სარეზერვო გუნდებსაც კი არ ვუნდოდი. არც კი ვიცოდი, რატომ. მიზეზი არასდროს უთქვამთ. ყველაფერს უფროსები აგვარებდნენ. ისინი უბრალოდ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამატარებდნენ, ყველგან კი ერთი და იგივე პასუხი მესმოდა — „არა“.

ვიზის ვადა ამოიწურა. ჩემი ოცნებაც დასრულდა. აფრიკაში გამომაბრუნეს და ერთად ვიტირეთ..

შენ იყავი ის ადამიანი, რომელსაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა.. რამდენიმე კვირის შემდეგ „ლეგანესთან“ კონტრაქტი გავაფორმე და ამჯერად სხვა ცრემლებით ვიტირეთ..

ეს ყველაფერი იმ დროის ამბავია, როცა ჯერ კიდევ მქონდა ემოციები..

ახლა კი აღარაფერს ვგრძნობ. თითქოს ადამიანიც აღარ ვარ. მას შემდეგ, რაც შენ გარდაიცვალე, უბრალოდ სიცარიელე დამრჩა..

არც კი მგონია, იმ დღეს ცრემლი რომ მომადგა, როცა მითხრეს, რომ აღარ იყავი. უბრალოდ შოკში ჩავვარდი.

„ლეგანესში“ დებიუტიდან რამდენიმე კვირა იყო გასული. ვის აქვს დებიუტი 18 წლის ასაკში „რეალის“ წინააღმდეგ? ყველაფერი ზედმეტად დაუჯერებელი იყო. ოცნებას ჰგავდა.

შემდეგ კი კოშმარად იქცა..

სახლიდან ვიღაც გამუდმებით მირეკავდა. ვბრაზდებოდი. ვერ ვხვდებოდი, ასე დაჟინებით რატომ მირეკავდნენ.

ბოლოს ვუპასუხე და არც კი უცდიათ, სიტყვები შეერბილებინათ. იცი, როგორ არის ჩვენთან სახლში. ემოციები არ არსებობს. უბრალოდ...

„შენი და აღარ არის.“

„რა?“

„გარდაიცვალა.“

„რას ამბობ?“

„ვიღაცამ წვეულებაზე მის სასმელში რაღაც ჩაასხა და მას აღარ გაუღვიძია. აღარ არის.“

15 წლის იყავი..

15..

პასუხები არასდროს მიმიღია. არც კი ვიცი, მინდა თუ არა ვიცოდე, რატომ მოხდა ეს. შეიძლება, შური იყო. შეიძლება, ჩვენს ქვეყანაში უბრალოდ ხდება ასეთი რამ. შეიძლება, შენი დაცვა შემეძლო. არ ვიცი.

ვცდილობ, ღმერთის გეგმის ვიწამო. სხვა არაფერი შემიძლია. დავიწყებას არ ვცდილობ, რადგან ვიცი, რომ ვერასდროს დაგივიწყებ. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ეს ტკივილი უფრო მეტი შრომისთვის გამოვიყენო და ყველაფერი შევასრულო, რაზეც ერთად ვოცნებობდით.

ეს იმიტომ დავწერე, რომ ამაზე საუბარი არ შემიძლია. იმიტომ დავწერე, რომ მინდა იცოდე — ვიზრუნებ იმაზე, რომ შენი სახელი არასდროს მიეცეს დავიწყებას. ვიზრუნებ, რომ ყველამ იცოდეს შენი სახელი. მთელმა მსოფლიომ..

რაც არ უნდა გავაკეთო ფეხბურთის მოედანზე, ყველაფერი შენთვისაა..

იმ ბოლო შეხვედრის შემდეგ იმდენი რამ მოხდა... ამას ვერასდროს დაიჯერებ. სიმართლე გითხრა, მეც კი მიჭირს დაჯერება..

იცი, რა არის ყველაზე დაუჯერებელი? „რეალთან” დებიუტის შემდეგ მაისური კილიან მბაპეს გავუცვალე. გახსოვს, ტელევიზორში ერთად რომ ვუყურებდით და მეუბნებოდი: „მბაპე? კი, კარგია. მაგრამ ჩემი ძმა მასზე უკეთესია.“

ერთ რამეში შევცდი..

მე სიმდიდრე აღარ მინდა. ვხედავ, რას უშვრება ფული ადამიანებს, მათ შორის ოჯახის წევრებსაც. როცა „ლეგანესში“ ვთამაშობდი, რასაც ვშოულობდი, ყველაფერს სახლში ვაგზავნიდი. იქამდე მივიდა საქმე, რომ ფულიც კი აღარ მინდოდა. ის უბრალოდ ტვირთად მექცა. ისინი ფულის თხოვნას არ წყვეტდნენ. ალბათ ეგონათ, რომ უკვე მილიონერი ვიყავი..

ბინაც კი არ მქონდა. საწვრთნელ ბაზაზე, ოთახში ვცხოვრობდი, სადაც ტელევიზორიც კი არ იყო. მხოლოდ ფეხბურთი და ძილი, ფეხბურთი და ძილი.

დიდი სახლი არ მინდოდა. მანქანები არ მინდოდა. უბრალოდ, მინდოდა, ყველაფერი ფეხბურთისთვის მიმეცა. ყველაფერი იმისთვის, რომ მთელი მსოფლიოსთვის დამემტკიცებინა, რომ ჩემი და მართალი იყო...

როცა „რედ ბულ ლაიფციგში“ სათამაშოდ გადავედი, ყოველთვის ვაგვიანებდი. თუმცა, სინამდვილეში, არ ვაგვიანებდი. უბრალოდ დროზე მივდიოდი, რაც გერმანიაში ნიშნავს, რომ ძალიან გვიან მიდიხარ.

ამიტომ უკვე ხვდები, შემდეგ რას გავაკეთებდი. ყველგან 90 წუთით ადრე მივდიოდი. იმდენად ადრე ვჩნდებოდი ყველგან, რომ ბიჭებმა „გერმანელი“ შემარქვეს.

ყველაფერს ყოველთვის ზედმეტად ვაკეთებ. საერთოდ არ ვიცი ზომიერება. ამას ყოველთვის მეუბნებოდი..

საფეხბურთო მოედანი ერთადერთი ადგილია, სადაც ახლა თავს ისევ შინ ვგრძნობ. ეს ის ადგილია, სადაც სიმშვიდეს ვპოულობ და შენთან საუბარი შემიძლია. უბრალოდ, ნეტავ ისევ აქ იყო, რომ მეთქვა...

„ჩვენ ეს შევძელით.“

„ყველაფერი, რასაც მეუბნებოდი, ახდა.“

მსოფლიო ჩემპიონატზე წავედი.. შენი ძმა შენი ძმა კოტ-დ’ივუარის ნაკრებში თამაშობს, როგორც ადრე დროგბა, ია ია ტურე და ჟერვინიო..

ამას უბრალოდ თამაშადაც კი არ აღვიქვამ. ჩემთვის ეს სცენაა. ჩემი შანსია, მთელ მსოფლიოს ვაჩვენო ის, რასაც შენ ხედავდი ჩემში. ყოველ ჯერზე, როცა გოლს გავიტან, ვიზრუნებ იმაზე, რომ ყველამ იცოდეს შენი სახელი. ვიზრუნებ, რომ არ დაგივიწყონ..

იცი ახლა სად ვარ? კრიშტიანუ რონალდუს კლუბში, მადრიდის რეალში.. ვიცი და მჯერა, რომ შენ ყველაზე მეტად იამაყებდი.. ალბათ, სადაც ახლა ხარ იქ ბედნიერებისგან ტირი..

აქ ჩემი ისტორია უნდა დავწერო, მაგრამ ისე, რომ შენი სახელი უკვდავყო..

გავაკეთებ იმას, რასაც წინასწარმეტყველებდი, გეფიცები. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნამდვილი ბუცებიც კი არ მქონდა, ყველას ეუბნებოდი: „ჩემი ძმა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.“

დავამტკიცებ, რომ მართალი იყავი, ან ამის მცდელობაში მოვკვდები..

შენი ძმა.. იანი..

გაზიარება: