ენდრიკი, მადრიდის რეალი
Aa Aa

ატირებული მამა, შიმშილი და თავგანწირვა - ენდრიკის მძიმე ბავშვობა

„ძვირფასო ნოა

მე შენ მიყვარხარ!! და ეს ყველაფერზე წინ დგას..

პირველი დღიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩვენს შორის რაღაც განსაკუთრებულია. ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ როცა შენ უნდა დაბადებულიყავი, შენ რეალურად მელოდებოდი, იქამდე, სანამ მე გოლს გავიტანდი.

მართლა ასე იყო, ძმაო. იმ დროს მნიშვნელოვანი მატჩი მქონდა — მხოლოდ 13 წლის ვიყავი — მაგრამ შენ არ გეჩქარებოდა ამ სამყაროში მოსვლა. საათი გაუჩერებლად ტიკტიკებდა, დედა და მამა კი ვერ ხვდებოდნენ, რას ელოდი. და უცებ მამამ მიიღო ზარი მეგობრისგან, რომელიც თამაშზე იყო.

მან უთხრა:

„დუგლას!! დუგლას!! ენდრიკმა გოლი გაიტანა!!“

და ზუსტად იმ წამს, საავადმყოფოს ოთახში გაისმა მხოლოდ ერთი ხმა: უააააააააა!!!

შენ დაიბადე, რომ ჩემთან ერთად გაგეხარა. როცა საავადმყოფოში მოვედი, დაბადების დღის საჩუქარი მოგიტანე. სათამაშოს ფული არ მქონდა, ამიტომ ტურნირის ოქროს ბურთი მოგეცი.

ხედავ? ჩვენი სიმდიდრეში არ დაბადებულა — ჩვენ ფეხბურთის სიყვარულში დავიბადეთ..

არ ვიცი, როდის წაიკითხავ ამ წერილს, მაგრამ ახლა შენ 5 წლის ხარ და ჩვენი ცხოვრება ძალიან სწრაფად იცვლება. მე სათამაშოდ მადრიდის რეალში წავედი.. დიახ, იმ გუნდში, რომელსაც ყოველთვის ვირჩევ, როცა ფლეისთეიშენზე ვთამაშობ და მიყურებ. ვიცი, რომ მსოფლიოს მოუნდება გაიგოს ჩვენი ოჯახის ამბავი. და ეს ნამდვილად გიჟური ამბავია, ძმაო! ამიტომ ეს ჩემი შანსია, მოგიყვე ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეში იყო — დედასთან და მამასთან ერთად.

როგორც იცი, ჩვენს ოჯახში ყველაფერი ბურთით იწყება და ბურთით მთავრდება. დედა ამბობს, რომ როცა მე პატარა ვიყავი, არასდროს მინდოდა სხვა სათამაშო. თუ რაიმეს მომცემდნენ, ხუთ წამში უკან ვდებდი ყუთში. ერთადერთი, რაც მინდოდა ბურთი იყო..

პლასტმასის ლენტით გახვეული ბურთი, წინდით გაკეთებული ბურთი, კალათბურთის ბურთიც კი — არ ჰქონდა მნიშვნელობა. თუ ის მრგვალი იყო.. როცა მამამ თავისი ვარჟეას გუნდიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბურთი მომიტანა, უბრალოდ ვუყურებდი მის ფერებს, თითქოს სურათს. მასთან ერთად ვიძინებდი კიდეც! ეს ჩვენს სისხლშია, ძმაო.

შეგიძლია დედას ჰკითხო, როგორ ვაცნობდი თავს ხალხს:

— „შენ რა გქვია?“

— „ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუსა, თავდამსხმელი.“

იცინოდნენ ჩემზე, იცი? რა საყვარელი ბავშვიაო.

მაგრამ, ძმაო, მე ამას სერიოზულად ვამბობდი

მე მჯეროდა, რომ ამას მივაღწევდი!! დედა მუდამ ტირის, როცა ეს ახსენდება..

ის ყოველთვის ამბობდა, რომ სიტყვებს ძალა აქვთ..

იმ დროს ჩვენ არ ვცხოვრობდით ლამაზ ბინაში, როგორც ახლა. მაცივარიც არ გვქონდა სავსე იოგურტებით, რომლებიც შენ ასე გიყვარს. ჩვენ ვცხოვრობდით ადგილას, რომელსაც ვილა გუაირა ეწოდება. ჩვენი ცხოვრება სრულიად სხვა იყო. მომავალში ბევრს მოისმენ ჩვენს შესახებ და გეტყვიან, რომ ჩვენი ცხოვრება ტანჯვა და სიღარიბე იყო. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მე შესანიშნავი ბავშვობა მქონდა — ღმერთის წყალობით, დედის და მამის თავგანწირვის წყალობით. და, რა თქმა უნდა, ფეხბურთის წყალობით..

შენთვის არ მითქვამს, მაგრამ როცა შენი ტოლი ვიყავი, ჩვენი ქუჩა ბორცვზე იყო. მეზობელი ბიჭები იქ ვთამაშობდით და ალბათ სწორედ ამიტომ გავხდით კარგები. თუ ბურთი ბორცვზე ჩამოგიგორდებოდა, იმას უნდა აეღო, ვინც გოლი ვერ გაიტანა. თუ შანსს გაუშვებდი, მთელ გზაზე ქვემოთ უნდა გერბინა, სანამ ბურთს ფაველას ძირში დაეწეოდი..

დამღლელი იყო, მაგრამ ქუჩის წესები ძალიან მარტივი იყო:

ვერ გაიტანე? ირბინე..

ძალიან მენატრება ის დრო, როცა უბრალოდ ბავშვები ვიყავით და ფეხბურთი მხოლოდ თამაში იყო. მინდა, შენც გეცხოვრა იმ დროს ჩემთან ერთად, ძმაო..

როცა ამას ვიხსენებ, ერთდროულად ბედნიერი და სევდიანი ვხდები. კარგი მოგონებებია, რომლებთანაც უკან ვეღარ დავბრუნდები, ხომ იცი?

ხანდახან ცუდ მოგონებებსაც კი ტკბილი გემო აქვთ..

როცა გაიზრდები, ბევრჯერ მოისმენ ისტორიას სახელად - „საუბარი დივანზე“. უკვე ლაპარაკობენ ამაზე ბრაზილიაში, მაგრამ უმეტესობა არასწორად ყვება. ამბობენ, რომ ჩვენ იმდენად ღარიბები ვიყავით, რომ საჭმელიც არ გვქონდა — მაგრამ ეს სიმართლე არ არის. ისინი დედას არ იცნობენ! ის ყოველთვის ამბობს:

„მე ისეთი ქალი ვარ, რომ ჩემს შვილებს არასდროს მოშივდებათ.“

სიმართლე კი ისაა, რომ 10 წლის ასაკში პირველად ვნახე მამა ატირებული. იმ დღეს პირველად გავიაზრე, რომ ჩვენი მდგომარეობა რთული იყო.. მაგიდაზე ყოველთვის გვედო იმდენი საჭმელი, რამდენიც გვჭირდებოდა, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო..

გესმის ამ განსხვავების არსი?

ყოველთვის მინიმუმზე ვცხოვრობდით.. მამა იხსენებს, რომ თურმე ერთ დღეს ასეთი რაღაც ვუთხარი: „ნუ გეშინია. მე ფეხბურთელი გავხდები და ამ მდგომარეობიდან გამოგიყვან.“

იმ დღემდე მე მხოლოდ ბავშვი ვიყავი და ფეხბურთი მხოლოდ თამაში იყო, მაგრამ იმ დღიდან ფეხბურთი ჩვენი უკეთესი ცხოვრების საშუალება გახდა!!

მიზნები ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი. ეს არის ღმერთთან ჩემი საუბრის გზა. როცა „პალმეირასში“ მივდიოდი, ვიცოდი, რომ იქ სკოლასა და ვარჯიშზე დღეში ორჯერ ან სამჯერ მაინც უნდა მეჭამა. სამწუხაროდ, დედასთვის ეს ასე მარტივი არ იყო..

მან დატოვა თავისი ცხოვრება, თავისი სახლი, რათა ჩემს ოცნებას სან-პაულუში გაჰყოლოდა. კლუბში მხოლოდ ჩემთვის იყო ადგილი, მაგრამ თქვა: „შენ ჩემს გარეშე არ მიდიხარ.“

მამა სახლში დარჩა, რომ ემუშავა და ფული გამოეგზავნა. დედა კი ჩემთან ერთად გადმოვიდა პატარა სახლში, სადაც ჩემთან ერთად რამდენიმე თანაგუნდელიც ცხოვრობდა. ყველა ერთი ჭერის ქვეშ. მაგრამ, როცა ჩვენ ვარჯიშზე მივდიოდით, მას არავინ ჰყავდა, ვისთანაც ისაუბრებდა. სახლში არც ტელევიზორი გვქონდა და არც ინტერნეტი, ამიტომ დედა ბიბლიას იღებდა, პარკში მიდიოდა და მარტო ელაპარაკებოდა ღმერთს. იმ ადგილას ერთადერთი ნივთი, რაც მას ჰქონდა, იყო სკამი. ჩანთას მასზე დებდა და ღამით, როცა ჩვენ ვიძინებდით, იატაკზე დაგებულ პატარა მატრასზე წვებოდა..

მიჭირს ამის წარმოდგენა და შემდეგ გახსენება.. დედა იატაკზე..

ხანდახან დედა სიტყვასიტყვით ბოლო მონეტებს ითვლიდა. მამა გვიგზავნიდა ფულს, მაგრამ მაშინ ჯერ არ არსებობდა პირდაპირი გადარიცხვის სერვისი და ამ ყველაფერს ერთი-ორი დღე სჭირდებოდა.

კარგ დღეებში, როცა ფული მოდიოდა, დედა სხვა ბიჭებისთვის სოსისებს ამზადებდა, მაგრამ უმეტესად მხოლოდ ჩვენი სამყოფი გვქონდა.. დედას ძალიან უჭირდა საჭმლის მომზადება, რადგან სხვებს სუნი მისდიოდათ და ეკითხებოდნენ:

„არის ჩვენთვისაც ცოტა?“

და ის რას უპასუხებდა? არაფერი აღარ რჩებოდა.

ბოლოს იმდენად მტკივნეული იყო, რომ საერთოდ შეწყვიტა საჭმლის კეთება.. იყო მომენტები, როცა ძილის წინ მშიერი ვიყავი. დედას ვეკითხებოდი გვქონდა, თუ არა რამე და ის მპასუხობდა: „დაიძინე ენდრიკ, ძილი შიმშილს წაიღებს..“

ხანდახან, როცა ფული არ გვქონდა დედა მეზობლებისგან ბრინჯს ან ცოტა ფულს სესხულობდა, მაგრამ დადგა დღე, როცა დახმარება აღარავის შეეძლო..

მამას დაურეკა და უთხრა: „დუგლას მშია.. აღარ ვიცი რა გავაკეთო..“

მამამ 50 რეალი გადმოურიცხა, მაგრამ ფული მხოლოდ მეორე დღეს იქნებოდა ხელმისაწვდომი. დედა მუხლებზე დაეცა და ღმერთს სთხოვა დახმარება. მერე თავისი ჩანთა აიღო სკამიდან, გახსნა და ბოლომდე მოქექა. იცით? ორი რეალი იპოვა.

ღმერთის საჩუქარი..

სიმართლე რომ გითხრა, არ მსიამოვნებს ამაზე საუბარი, რადგან შიმშილი ცუდი რამეა. მინდა, რომ შენ ეს არასდროს გამოცადო, როგორც დედამ გამოცადა. მაგრამ ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია..

როცა შემდეგ ნახავ, ჩაეხუტე და მადლობა უთხარი, რადგან მისი მსხვერპლის გარეშე დღეს ასეთ ცხოვრება ვერ გვექნებოდა..

ბევრი ასეთი ამბავი მხოლოდ ბოლო წლებში გავიგე, რადგან დედა ტკივილს მალავდა, რათა ჩემი ოცნება დაეცვა. როცა ატყობდა, რომ ტირილს იწყებდა, ტუალეტში შედიოდა, რომ მე მისი ცრემლები არ მენახა.

რამდენჯერმე დაურეკავს მამას და უთქვამს, რომ აღარ შეუძლია, რომ ჩვენი სახლში დაბრუნება უნდოდა, მაგრამ როცა მე ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი და მეგობრებთან ერთად ვყვებოდით, რა მოხდა დღეს და რამდენი გოლი გავიტანეთ ის ხედავდა, როგორ მინათებდა თვალები..

და ამიტომ დარჩა.. ჩემთვის.. ჩვენთვის..

ასეთი დედა გვყავს — ყოველთვის აკეთებს იმას, რაც საჭიროა. ზოგჯერ ის სერჟანტია, რომელიც იბრძვის, ყვირის, გვეუბნება იმას, რაც უნდა გავიგოთ, მაგრამ არ გვინდა.

ხანდახან კი უბრალოდ ჩაგეხუტება და საუკეთესო ომლეტს გაგიკეთებს მთელ მსოფლიოში. რასაც არ უნდა აკეთებდეს, იცოდე — ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი მიზეზითაა: მას სურს, რომ ჩვენ უკეთ ვიყოთ..

მამამაც ბევრი დათმო. რამდენიმე თვის შემდეგ ისიც სან-პაულუში ჩამოვიდა ჩვენ დასახმარებლად და პალმეირასს სთხოვა, ნებისმიერი სამსახური მიეცათ. მხოლოდ ერთი ადგილი ჰქონდათ — სტადიონის დასუფთავების სამსახურში..

ბავშვობაში ყოველთვის ოცნებობდა, რომ იმ გასახდელში ოდესმე შევიდოდა, ამიტომ სიამოვნებით დათანხმდა. სამი წელი იმუშავა იქ — თავიდან სტადიონის გარშემო ნაგავს აგროვებდა, მერე კი პირველი გუნდის გასახდელის წმენდაზე გადაიყვანეს. იცი? ის ყოველთვის ეუბნებოდა ფეხბურთელებს:

„ერთ დღეს ჩემი შვილი თქვენთან ერთად ითამაშებს.“

ერთხელ მეკარე ჟაილსონმა შენიშნა, რომ მამა სულ უფრო და უფრო ხდებოდა და მხოლოდ წვნიანს ჭამდა, მაშინ როცა დასუფთავების გუნდი და ფეხბურთელები ერთად იკვებებოდნენ.

ჟაილსონმა ხელი გადახვია და უთხრა:

„დუგლას, მომეცი შენი ტელეფონი, მინდა შენი ცოლს დავურეკო.“

მამა გაოცდა:

„ჩემი ცოლი? რას აპირებ?“

ჟაილსონმა უპასუხა:

„არა, არა, მინდა მითხრას, რა ხდება შენთან. არაფერს ჭამ, კარგად ხარ?“

მამას სიმართლის თქმის რცხვენოდა, ამიტომ ჟაილსონმა თვითონ დაურეკა დედას.  დედამ ყველაფერი მოუყვა — როგორ დაიწვა მამა ბავშვობაში მწვადის დანადგარზე.. ინფექციის გამო, როგორ ემუქრებოდა ხელის დაკარგვა, როგორ აძლევდნენ ძლიერ წამლებს, რის გამოც კბილები დასცვივდა და ვერ ჭამდა..

მაშინ ჟაილსონმა ფეხბურთელები შეკრიბა და მამას კბილების გასაკეთებელი ფული შეუგროვეს..

ღმერთი საოცრად მოქმედებს, ძმაო..

მამა ხშირად ამბობდა: „ჩემი ოცნებაა, რომ ვაშლს ერთხელ მაინც ვუკბიჩო..“

დღეს, ღმერთის წყალობით, შეუძლია ყველაფერი ჭამოს.

მალე ჩემი მეორე მიზანიც ახდა — გადმოვედით ბინაში, რომელიც ლატარეის მაღაზიის ზემოთ იყო, პირდაპირ „პალმეირასის“ სტადიონის გვერდით.

დილით ფანჯრიდან რომ ვიყურებოდი, ვხედავდი ჩემს ოცნებას..

და საღამოსაც, დაძინებამდე, ისევ ვუყურებდი..

ეს იყო სილამაზე..

მოიცადეთ.. მამაჩემის ამბავი ბოლომდე არ მომიყოლია..

დედა ჩვენი საყრდენია, მამა კი ჩვენი მეგობარი. ასე იყო ყოველთვის. მაგრამ მასზე ამ ისტორიაში ბევრად მეტი რამ არის, ვიდრე შენ გგონია. თუ ფიქრობ, რომ მე მიჭირდა ცდები. მე სამოთხეში დავიბადე მამის ბავშვობასთან შედარებით..

როცა მამა პატარა იყო, ჩვენი ბაბუა ყოველთვის არ იყო ოჯახის გვერდით. ფეხბურთი მისთვისაც გაქცევის გზა გახდა. მამაჩემი 15 წლის ასაკში სახლიდან წავიდა და ავტოსტოპით გაემართა ბრაზილიადან სან-პაულუსკენ..

ნახევარი გზა ფეხით იარა! ფეხით! იცი, რამდენია ეს გზა, ძმაო? დედასაც კი არ უთქვამს, რომ მიდიოდა. მთელ გზაზე მხოლოდ ერთი ზურგჩანთა ჰქონდა. წყვილი ბუცი, ორი ორლიტრიანი ბოთლი — ერთში წყალი, მეორეში ფხვნილის წვენი და ორი ბაგეტი. გეგმა მარტივი ჰქონდა: სან-პაულუს ყველა კლუბში უნდა ჩაეტარებინა საცდელი ვარჯიში... ერთი კვირა იარა ავტოსტოპით და ფეხით, კლუბიდან კლუბამდე..

სან-პაულუში რომ ჩავიდა, ფული არ ჰქონდა და საცხოვრებელი ადგილი ვერ მოეძებნა. უბრალოდ, კლუბების კარებზე აკაკუნებდა და ეკითხებოდა, როდის ტარდებოდა საცსდელი ვარჯიშები.

„სან-პაულუ“-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაინახა, რომ გასაჭირში იყო და სასადილოდან საჭმელი გამოუტანა. ერთ-ერთ ცივ ღამეს კი საქველმოქმედო ორგანიზაციის ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რომ მამას პარკში ხის ქვემოთ ეძინა და თავშესაფარში მიიწვია. იქ ისეთი სითბო იყო..თანაც მას უკვე სამი ღამე იყო, რაც საწოლში არ ეძინა. გადაღლილს ისე ღრმად ჩაეძინა, რომ მეორე დილით „ნასიონალის“ საცდელ ვარჯიშზე ვერ მივიდა..

წარმოიდგინე, ძმაო მთელი ერთი კვირა იარა, იბრძოლა თავისი ოცნებისათვის... და ბოლოს ვარჯიშზე ვერ მივიდა..

ერთ ღამეს წვიმდა და მამას თავშესაფარი აღარ ჰქონდა. წავიდა „პალმეირასის“ სტადიონისკენ და ბილეთების ჯიხურის სახურავის ქვეშ დაიძინა. ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ ყველაფერს დებდა, რაც შეეძლო..

ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ ვარჟეაში თამაშობდა — იმ სამოყვარულო ლიგებში, სადაც ხელფასი არ არსებობს, მხოლოდ ვნება. თამაშობ და მცირე დახმარებას თუ მიიღებ. მამა ან ელექტროენერგიის გადასახადისთვის თამაშობდა, ან პატარა პარკი ბრინჯისთვის..

ბავშვობაში ყოველ თამაშზე თან მივყავდი. შესვენებისას, როცა მუსიკა აჟღერდებოდა მოედანზე გავდიოდი და ხრიკებს ვაკეთებდი. (ალბათ ამიტომ ვმღერი ხოლმე თამაშის დროს)

თამაშის შემდეგ მამა მეუბნებოდა:

„ენდრიკ, საიდან გაქვს ეს კოკა-კოლა? ვინმეს ხომ არ წაართვი?“

ვპასუხობდი:

„არა, არა, ბურთი ძელს მოვარტყი და დუდუმ კოკა-კოლა მიყიდა. თუ კიდევ მოვარტყამ მწვადსაც მიყიდის!“

ეს იყო ჩემი პირველი „მუშაობა“. დედა ამბობს, იმდენად მტვრიანი ვიყავი, რომ შინ მთლიანად ნაცრისფერი ვბრუნდებოდი. იცი ხომ, როგორია ჩვენი მიწა ბრაზილიაში? დედა ძაღლივით მბანდა და როგორც კი ვსუფთავდებოდი — ფშშშშ… ისევ გარეთ, ბურთთან!

ჩემი ოცნება მხოლოდ ჩემი არ ყოფილა — ეს იყო მამის ოცნება, ბაბუის ოცნება, მთელი ოჯახის ოცნება..

გიფიქრია ოდესმე, როცა მამა იმ ბილეთების ჯიხურის ქვეშ იძინებდა „პალმეირასის“ სტადიონთან, წარმოიდგენდა კი, რომ მისი შვილი იქ ითამაშებდა ოდესმე?

როცა 15 წლის ვიყავი და „პალმეირასთან“ პროფესიონალური კონტრაქტი გავაფორმე, გულწრფელად შემეძლო მეთქვა, რომ ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა.. ღმერთს მადლობა.. დედას სახლი ვუყიდე.. იმ საღამოს, როცა მშობლებთან ერთად დივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით, მივხვდი: პირველი მიზანი შევასრულე — ოჯახს უკეთესი ცხოვრება მივეცი..

რა მომენტი იყო!

მაგრამ ასევე შვება..

ეს ცხოვრება კიდევ ბევრჯერ შეიცვლება..

უკვე ესპანეთში ვართ და შენც აქ ხარ.. „რეალ მადრიდი“…

როცა შვიდი–რვა წლის ვიყავი, ტელეფონი არ მქონდა, ამიტომ დედას კომპიუტერს ვთხოვდი და რეალის ვიდეოებს ვუყურებდი. შენთვის ეს სახელები ალბათ უცნობია, მაგრამ მე შეპყრობილი ვიყავი იმ 2013–14 წლების გუნდით — კრიშტიანუ, მოდრიჩი, ბენზემა… ამან გამიხსნა გზა კლუბის ისტორიაში. შემდეგ უფრო და უფრო ღრმად შევედი — პუშკაში, დი სტეფანო…

იუთუბზე ყველაფერი შეგიძლია ისწავლო, ეს გარკვეულწილად უნივერსიტეტს ჰგავს. ყველაზე ხშირად კრიშტიანუს ვიდეოებს ვუყურებდი. არა მხოლოდ მის საუკეთესო მომენტებს, არამედ იმასაც, როგორ შრომობდა და რას ამბობდნენ სხვები მის მენტალიტეტზე. მისგან ვისწავლე, რომ შრომა ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანია.

პირადად ის არასდროს მინახავს, მაგრამ მისი შვილი ინსტაგრამზე ჩემი გამომწერია. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად წავა. რონალდუსთან შეხვედრა ეს არის მიზანი ნომერი 4. მიზანი 5 უკვე შევასრულე და პალმეირასთან სეზონი მშვიდობით დავასრულე.

და მიზანი ნომერი 6… ამასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო ისტორია მაქვს. როცა 1 წლის წინ, პირველად ვეწვიე მადრიდის რეალს, ბევრი საოცარი რამ მოხდა. როცა ფლორენტინო პერესს შევხვდით, მან მამას თვალებში შეხედა და უთხრა: „რეალ მადრიდი იქნება ერთადერთი კლუბი, რომელიც ენდრიკს შვილივით მოექცევა.“ უნდა გენახა მამას სახე ამ დროს — ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა..

რაც შეეხება მიზანს ნომერი 7 — მინდა მადრიდში საკუთარი სახლი მქონდეს სამუშაო ოთახით, სადაც დიდ თეთრ დაფას ჩამოვკიდებ და ყველა ჩემს მიზანს დავწერ! ჰაჰა. დედა ისევ არ მაძლევს უფლებას მის სახლში დავკიდო თეთრი დაფა — „არ არის ადგილი, ენდრიკ! უბრალოდ არ არის ადგილი!“ შენ ხომ იცი, როგორი ადამიანია? მას პატივი უნდა ვცეთ..

შემდეგ მიზანს აღარ განვავრცობ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შენთვის დიდებული ცხოვრების მოცემა მინდოდა და ეს გამომივიდა..

სამი თაობის განმავლობაში და ალბათ უფრო მეტიც, ჩვენი ოჯახი ფეხბურთის ოცნებას მისდევდა. გვინდოდა ჩვენი ცხოვრება შეგვეცვალა. მაგრამ ახლა შენ შეგიძლია იყო, ვინც გინდა. შეგიძლია იყო ექიმი, იურისტი, ან რადგან ესპანეთში ვართ ნადალისა და ალკარასის ქვეყანაში — იქნებ პროფესიონალი ჩოგბურთელი გახდე. ახლა უკვე შენც ბურთს მისდევ, როგორც მე, მაგრამ თუ გინდა, ფეხბურთელიც იყავი — და თუ არა, აღარ არის წნეხი. ღვთის მადლით, დედისა და მამის წყალობით და ასევე ფეხბურთის წყალობით, შეგიძლია ისე იცხოვრო, როგორც გინდა, ძმაო..

ეს არის ჩემი საჩუქარი შენთვის..

და აი, აქ მთავრდება ეს წერილი და იწყება მომავალი.

ხშირად მეკითხებიან მადრიდის რეალზე, ნაკრებზე და იმაზე, როგორ წარმოვიდგენ ჩემს კარიერას. მაგრამ იცი რა არის სიმართლე? არ ვიცი. ცხოვრებაში არავინ იცის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. არ ვიცით, ხვალ საერთოდ გვექნება თუ არა რაიმე. ყველაფერი, რაც შეგვიძლია არის - მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმ ყველაფრისთვის, რაც მოგვცა.“

„იმედი მაქვს, ახლა გესმის, ძმაო.. ცხოვრება, რომლითაც ახლა ვცხოვრობთ, არსაიდან არ მოსულა. ის მიღწეულია შრომით და ბევრი ცრემლით.. დედა ყოველთვის ამბობს, რომ ერთმა შეცდომამ შეიძლება ყველაფერს დაანგრიოს — და მართალია.

იმ წამს, როცა ვივიწყებთ, საიდან მოვედით, ვკარგავთ გზას.

აი, ამიტომ გჩუქნი ჩვენი ოჯახის ისტორიას:

დედა — როგორ ჭამდა ძველ პურს..

მამა — როგორ იძინებდა ბილეთების ჯიხურის ქვეშ..

დედა — როგორ ტიროდა აბაზანაში..

მამა — როგორ ტიროდა დივანზე..

გქონდეს ეს ყველაფერი გულში ყოველთვის..

მიყვარხარ, ძმაო..

გულწრფელად..

ენდრიკ ფელიპე მორეირა დე სოუზა,

თავდამსხმელი..“

გაზიარება: