კვერნაძე აქტიური იყო | ფროზინონე დიეგო მარადონაზე დამარცხდა
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე'' დე ბრუინისა (2) და ნოა ლანგის გოლებით „ფროზინონეს“ 3:0 მოუგო.
სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა გარემარბმა გიორგი კვერნაძემ 90 წუთი ითამაშა. აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა და სახიფათო პასებს აკეთებდა, თუმცა ბოლო ფაზაში ის და მისი თანაგუნდელები არაზუსტად მოქმედებდნენ.
ამ მატჩამდე კვერნაძემ ზედიზედ ოთხ მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა. ასევე, ბოლო სამ შეხვედრაში გაიტანა, თუმცა ამჯერად მინდორი უგოლოდ დატოვა, შედეგიანი სერია შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ კვერნაძეს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ და ყველაზე ხშირად „რომას“ შესახებ იწერება. იტალიური გამოცემების მიხედვით, „ჯალოროსი“ მზად არის, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კვერნაძის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.
იტალიური Gazzetta-ს ინფორმაციით, კვერნაძის სათამაშო მახასიათებლები გასპერინის მოთხოვნებს შეესაბამება - მას აქვს კარგი მარჯვენა ფეხი, თავისუფალ სივრცეებში შეჭრის უნარი და მაღალი ინდივიდუალური ოსტატობა ერთ-ერთზე თამაშისას. ქართველი შემტევი მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში დრიბლინგების რაოდენობითაც გამორჩეულია: მას 30 მცდელობიდან 16 წარმატებული დრიბლინგი აქვს შესრულებული, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია ( („ნაპოლისთან'' მატჩი არ იგულისხმება).
კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.