„ტკივილების გამო ორი თვე ვერ ვარჯიშობდა“ - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრება ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში იყვნენ ისეთი სპორტსმენები, რომელთაც უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და ისეთებიც, რომელთაც საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა გაუჭირდათ. წინა წლების გუნდური შეჯიბრებისგან განსხვავებით, სოფიო სომხიშვილმა (78 კგ) ამჯერად ძალიან სუსტად იასპარეზა, რის გამოც კრიტიკის ობიექტი გახდა. სოფიოს დაცვა კი მისმა თანაგუნდელმა ეთერ ლიპარტელიანმა აიღო, რომელმაც სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა.
ეთერ ლიპარტელიანი
მინდა რამდენიმე სიტყვით სოფიო სომხიშვილზე ვისაუბრო.
ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო სოფო ამ შეჯიბრებამდე. მას დაახლოებით ორი თვის განმავლობაში აწუხებდა წელის ტკივილი, ვერ ვარჯიშობდა სრულფასოვნად და ტკივილის გამო ნემსების გაკეთებაც უწევდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მას გუნდი არ დაუტოვებია და ჩვენს გვერდით იყო.
ძალიან მტკივნეულია, როცა ადამიანმა არ იცის, რა ბრძოლას გადის სპორტსმენი კულისებს მიღმა, მაგრამ ერთი წაგების შემდეგ ყველაზე მარტივ გზას ირჩევს - ლანძღვას და შეურაცხყოფას.
სპორტსმენი მხოლოდ გამარჯვების დროს არ იმსახურებს პატივისცემას. ის ადამიანიცაა, რომელსაც ტკივილი აქვს, უჭირს, ზოგჯერ ფიზიკურად ბოლომდე ვერ იხარჯება, მაგრამ მაინც ცდილობს და არ ნებდება.
სოფომაც ბევრი რამ გადაიტანა. სანამ მის შეფასებას და გაკრიტიკებას დაიწყებთ, დაფიქრდით, რამდენად ცოტა იცით იმაზე, რაც მან გამოიარა.
კრიტიკა ერთია, შეურაცხყოფა - მეორე. სპორტსმენს ისედაც უწევს საკუთარ თავთან ბრძოლა და არ სჭირდება ყველაფერს საზოგადოების ლანძღვაც დაემატოს.
სოფო, შენ იცი, რა გამოიარე და რამდენი იბრძოლე, ჩვენ ვიცით, რომ შენს უკან გაცილებით მეტი დგას, ვიდრე ხალხი ხედავს.
გამარჯვების დროს ტაში ადვილია. ადამიანობა კი მაშინ ჩანს, როცა სპორტსმენს ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებაში აბსოლუტურად ყველა შეხვედრა მოიგო და ნაკრებს წარმატებაში დაეხმარება. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ფინალამდე მიაღწია, სადაც იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა.