მედალი გმირული ბრძოლების ფონზე - საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული გუნდური შეჯიბრება საპრიზო მესამე ადგილზე დაასრულა. შარშანდელი ჩემპიონობის შემდეგ, ბრინჯაოს მედალი რა თქმა უნდა რეგრესია, მაგრამ იმ სირთულეების ფონზე, რაც ჩვენს გუნდს ტურნირის მიმდინარეობისას შეექმნა, ასეთი შედეგის ჩვენებაც ნამდვილი გმირობის ტოლფასია.
ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. არადა, იმის გამო, რომ სოფიო სომხიშვილმა (78 კგ) ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, მატჩი ჩინელებმა 1:0-დან დაიწყეს. თუმცა, ნინო გულბანმა, ლუკა მაისურაძემ, ირაკლი დემეტრაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ჩინებულად იჭიდავეს და ჩვენმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
ცნობისათვის, მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრება საქართველოს ნაკრებმა იტალიის (4:1) დამარცხებით დაიწყო, რასაც უზბეკეთთან (3:4) მეოთხედფინალში განცდილი მარცხი მოჰყვა. დამამშვიდებელ წრეში ქართველებმა ფრანგები 4:3 დაამარცხეს, რაც ლაშა ბექაურის სპორტული გმირობის შედეგი გახლდათ - მუხლმტკივანმა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალექსა მიტროვიჩი ორჯერ დაამარცხა და სამშობლოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
აქვე გეტყვით, რომ ზედიზედ ოთხი წელია საქართველოს ნაკრები ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრებას მედლის გარეშე არ ტოვებს - შარშან ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით, 2023, 2024 და 2026 წელს კი ბრინჯაოს მედალს დავეუფლეთ.