„საოცარი ძალის და გამძლეობის პატრონი“ - EJU ლიპარტელიანზე წერს
„საიმისოდ, რომ ჩემპიონი გახდე, ბევრი რამ არის საჭირო: ძალა, დისციპლინა, ტექნიკა, გატაცება და რა თქმა უნდა ფსიქოლოგიური მდგრადობა“ - ასეთი წინადადებით იწყება ევროპის ძიუდოს კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ეთერ ლიპარტელიანის შესახებ გამოქვეყნებული სტატია, რომელმაც შარშანდელის მსგავსად, წელსაც მოახერხა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გასვლა, თუმცა ამჯერად ოქროს მედალს ვერ შესწვდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ხშირ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია სპორტსმენი რამდენად მზად არის მენტალურად ტურნირისთვის, ვიდრე ის, თუ რას გააკეთებს ტატამიზე.
ამ მხრივ წლევანდელი მსოფლიოს ჩემპიონატი ეთერისთვის სიახლე იქნებოდა, რადგან ის ტატამიზე საჭიდაოდ არა როგორც ტიტულის პრეტედენტი, არამედ როგორც მოქმედი ჩემპიონი ისე გავიდა. ნეკნის ტრავმის მიუხედავად, ლიპარტელიანმა როგორც მთლიანად შეჯიბრებაზე, ასევე ფინალში წარმოუდგენელი გამძლეობა და ტექნიკა აჩვენა, რის შემდეგაც ევროპის ძიუდოს კავშირს ინტერვიუ მისცა.
ეთერ ლიპარტელიანი
მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდი, თუმცა ტრავმის გამო საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე დემონსტრირება ვერ შევძელი, განსაკუთრებით კი ფინალში. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით ჩემს ფსიქოლოგებს, რომლებიც შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი ტურნირის დაწყებამდეც და მისი მსვლელობისასაც ჩემს გვერდით იყვნენ. ასევე დიდი მადლობა რა თქმა უნდა მწვრთნელებს, რადგან მათი მხარდაჭერა დამატებით მოტივაციას მაძლევს.
სწორედ ფსიქოლოგების დახმარების შედეგად მოვახერხე ის, რომ ტრავმაზე არ მეფიქრა. თუმცა, ფინალში ტკივილმა ძალიან შემაწუხა, რამაც საბოლოო შედეგზეც ზეგავლენა მოახდინა. გული მწყდება, მაგრამ იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ არაფერი დამიკლია და მაქსიმუმი გავიღე.
ცნობისათვის, ეთერ ლიპარტელიანმა ნეკნის ტრავმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ვარჯიშისას, ერთ-ერთი დაცემის დროს მიიღო. იყო იმის საშიშროებაც, რომ ტურნირი გამოეტოვა, მაგრამ ტკივილგამაყუჩებლებით ასპარეზობა გადაწყვიტა და ფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც იაპონელ მეტოქესთან დამარცხდა.