რამდენს იღებს და რამდენს ითხოვს - სტრიკლენდის კონტრაქტის დეტალები
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის შონ სტრიკლენდის ბოლო განცხადებამ დიდი აურზაური გამოიწვია. მაშინ, როდესაც შერეული ორთაბრძოლების მოყვარულთა უმეტესობა მისი და ნასურდინ იმავოვის საჩემპიონო ჩხუბის ჩანიშვნას ელოდებოდა, შონმა განაცხადა, რომ სანამ მისი ფინანსური სარგებელი არ გაიზრდება და UFC-ის ხელმძღვანელები სათანადოდ არ დააფასებენ, არავისთან არ იბრძოლებს. MMAJunkie-ს ჟურნალისტი მაიკ ბონი და დაინტერესდა, როგორი პირობებით აქვს ხელშეკრულება სტრიკლენდს გაფორმებული და მიიღო დეტალური ინფორმაცია, რომლის შესახებაც საჯაროდ ისაუბრა:
„რამდენიმე ზარი განვახორციელე და მნიშვნელოვანი დეტალები დავაზუსტე. პირველ რიგში გეტყვით, რომ სოციალურ ქსელში ერთმა ადამიანმა გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შონი ერთ ბრძოლაში 400 ათას დოლარს იღებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ბონუსის სახით კიდევ 400 ათასს, რაც სიცრუეა. ზუსტად ვიცი, რომ UFC-ის შეფებმა მას ხამზატ ჩიმაევთან სატიტულო ბრძოლის სანაცვლოდ მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადეს. ისიც გავიგე, რომ სწორედ ჩიმაევთან ჩხუბამდე შონმა ორგანიზაციასთან 6-ბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც ყველა ფინანსურ დეტალზე შეთანხმება მიღწეულია“.
შეგახსენებთ, რომ შონ სტრიკლენდმა კრივში გადასვლა არ გამორიცხა, რადგან როგორც თავად აცხადებს, იქ ჯეიკ პოლთან ერთი ბრძოლაში იმდენ ფულს გამოიმუშავებს, რამდენსაც UFC-ში კიდევ ათი წელიწადი რომ დარჩეს, ვერ მიიღებს. აქვე გეტყვით, რომ 9 მაისს შონმა ხამზატ ჩიმაევი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილით დაამარცხა და საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.