იოროს წითელი გაუქმდა - პოჩეტინო უსამართლო მიდგომაზე საუბრობს
ლენი იოროს წითელ ბარათთან დაკავშირებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ აპელაცია დაკმაყოფილდა - ახალგაზრდა მცველი უახლოეს ტურში „ბრენტფორდთან“ თამაშს შეძლებს.
გასულ უქმეებზე „ლივერპული“-„მანჩესტერის“ მატჩის მე-8 წუთზე მსაჯმა სემ ბაროტმა ლენი იორო ალექსანდერ ისაკის წაქცევისთვის მოედნიდან გააძევა, „წითელმა ეშმაკებმა“ თითქმის მთელი მატჩი 10 ფეხბურთელით ჩაატარეს და 0:4 დამარცხდნენ.
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) ფრანგი მცველის დისკვალიფიკაცია გააუქმა, ვრცელ განმარტებას კი მოგვიანებით გამოაქვეყნებს. მომხდარს „წითელი ეშმაკების“ ახალი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინოც გამოეხმაურა:
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: მესმის, რომ მსაჯმა შეიძლება შეცდომა დაუშვას, მაგრამ რას აკეთებს VAR-ი?
ახლა მატჩს თავიდან ვერ ჩავატარებთ. გვექნება შესაძლებლობა, სრული შემადგენლობით ვითამაშოთ? არა და პრობლემა მაშინ მოგვარდებოდა, თუ ყველაფერი ადგილზე გადაწყდებოდა.
სად არის 3 ქულა? ბურთი მეკარისკენ მიდიოდა. VAR-ს რომ ეპიზოდი ენახა, ამას ისევე დაინახავდა, როგორც ჩვენ ვხედავთ ახლა ვიდეოზე - ლენი იოროს საერთოდ არ სურდა, ისაკს შეხებოდა. ფორვარდმა დაინახა, რომ ბურთს ვეღარ ეწევა, შეყოვნდა და წაიქცა“.
ცნობისთვის, „მანჩესტერი“ 8 ქულით პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზეა. დღეს „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის „სპორტინგს“ დაუპირისპირდებიან, 28 ნოემბერს კი „ბრენტფორდს“ მიიღებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს