ლუკა გადრანი
Aa
Aa

დაცვის ბურჯი და კლუბის იდენტობის ნაწილი | გადრანის ახალი კონტრაქტი ბეითართან

ლუკა გადრანმა იერუსალიმის „ბეითართან'' კონტრაქტი 2028-29 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. 

კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ: „იერუსალიმის „ბეითარი“ მომავალი წლებისთვის გუნდის ბირთვის შენარჩუნებას განაგრძობს. დღეს კი ჯერი დადგა შემადგენლობის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მოთამაშესა და დაცვის ბურჯზე, რომელიც საკუთარ კლასს მუდმივად ამტკიცებს. ცენტრალურმა მცველმა ლუკა გადრანმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გუნდის მაისურს 2028/29 წლების სეზონის ბოლომდე ატარებს.

ჩვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ მცველთან ხელშეკრულების გაგრძელება. ეს არის იმ ფეხბურთელის შენარჩუნება, რომელიც მოკლე დროში კლუბის პროფესიული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მშვიდად, მძიმე შრომითა და მაღალი პასუხისმგებლობით, ის მართავს უკანა ხაზს, თავდაჯერებულობას მატებს გვერდით მდგომ თანაგუნდელებს და უმაღლეს ხარისხს სძენს პოზიციას, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ მონაცემებს, არამედ თამაშის წაკითხვას, კონცენტრაციასა და ხასიათს მოითხოვს. ლუკამ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის გაუმჯობესებული პირობებიც ძალაში უკვე მიმდინარე სეზონიდან შედის''.

ხელმოწერის შემდეგ ლუკამ აღნიშნა: „ძალიან ბედნიერი ვარ კონტრაქტის გაგრძელებით და იმით, რომ აქ კიდევ სამი წელი დავრჩები. თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობ — როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. წინ კიდევ ბევრი კარგი ამბავი გველოდება და ამ ყველაფერს ერთად მივაღწევთ. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს ნდობისთვის. ვგრძნობ, რომ საკუთარი სახლი როგორც „ბეითარში“, ისე ისრაელში ვიპოვე. სვლას სრული ძალებით, ერთად განვაგრძობთ.“

29 წლის ცენტრალური მცველი „ბეითარში'' მეორე სეზონს ატარებს, გასულ სეზონში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ისრაელის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა. ამასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე CIES Football Observatory-ზე დაყრდნობით ისრაელის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ჩემპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 7 მატჩი ჩაატარა (517 წუთი).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები