„თითქოს მხოლოდ ასეთ გამარჯვებას განიხილავდა“ - მასვიდალმა ილიაზე ისაუბრა
ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის თეთრი სახლის ეზოში გამართული ბრძოლიდან უკვე ოთხი თვე გავიდა, თუმცა ამ დაპირისპირების გარშემო საუბრები არ წყდება. დუღილის ტემპერატურა გაზარდა ასევე თოფურიას ბოლო განცხადებამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მომავალში ბრძოლის დაწყების წინ მეტოქის ხელთათმანებს თავად შეამოწმებს. როგორი შთაბეჭდილება დატოვა მასზე გეიჯი-თოფურიას ჩხუბმა და ვის მიიჩნევს ფავორიტად რემატჩის ჩანიშვნის შემთხვევაში, ამის თაობაზე UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა ხორხე მასვიდალმა საინტერესო კომენტარი გააკეთა.
ხორხე მასვიდალი
თუ ილია თოფურიას და ჯასტინ გეიჯის გზები ოქტაგონში კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ჩემს ფსონს კვლავაც ქართველზე ჩამოვალ. როდესაც მათ ბრძოლას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი და პირველ რაუნდში ილიამ ორი დარტყმა ჯასტინს ააცილა, მაშინვე გავიფიქრე, რომ მისი მხრიდან მეტოქის დაუფასებლობას ჰქონდა ადგილი. თოფურიამ ვერ გამოიყენა ის, რაც მას განსაკუთრებულს ხდის: ფეხების მოძრაობა, თავის მოძრაობა და თეიქდაუნებისგან თავდაცვა. გეიჯისთან ბრძოლაში მისი წინა ჩხუბებისგან სრულიად განსხვავებული თოფურიას ვერსია ვიხილე.
მთელი ბრძოლის მანძილზე ილია წინ ისე უაზროდ მიდიოდა, თითქოს სურდა დარტყმის ზონაში აღმოჩენილიყო. ისე ჩანდა, თითქოს ჯასტინის გათიშვის გარდა, თოფურია ბრძოლის მოგების სხვა ვერსიას საერთოდ არ განიხილავდა. სისულელეს ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ქართველი დანებდა. ის ამას არასოდეს გააკეთებს, რადგან მუდამ ბოლომდე იბრძვის. ვიცი, მეტყვით, რომ ბრძოლის შეჩერება არ გაუპროტესტებია, მაგრამ რა უნდა ექნა, როდესაც ორივე თვალი დახუჭული და ცხვირი გატეხილი ჰქონდა? მე ილიას არ თანავუგრძნობ, უბრალოს ფაქტს აღვნიშნავ. იმასაც ვიტყვი, რომ ის ნამდვილი მეომარია და მზად არის ოქტაგონში მოკვდეს.
ცნობისათვის, ამჟამად ილია თოფურია საქართველოში არის ჩამოსული და თავის ბავშვობის მეგობართან, ლაშა გურულთან ერთად, რომელიც 2024 წლის ოლიმიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია, კრივში ემზადება.