გოგლიჩიძემ ლაციოს გაუტანა - გოლი სადებიუტო მატჩში
საბა გოგლიჩიძემ „მონცაში“ ასპარეზობა არაჩვეულებრივად დაიწყო. ახალგაზრდა ქართველი ცენტრალური მცველი ამ კლუბს „უდინეზედან“ იჯარის წესით ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს შეუერთდა, თუმცა სექტემბერი ისე მიიწურა, რომ თავის გამოჩენის საშუალება არ მისცემია. ამჯერადაც, „ლაციოსთან“ საგარეო მატჩში, გუნდის ხორვატი დამრიგებელი ივან იურიჩი საბას შეყვანას აშკარად არ გეგმავდა, თუმცა 37-ე წუთზე სირილ ნგონგმა ტრავმა მიიღო და იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია.
საბამ გარდა იმისა, რომ დაკისრებულ მოვალეობას მშვენივრად გაართვა თავი, მეორე ტაიმის დასაწყისში მისი გუნდის პირველივე შეტევა გოლით დაასრულა. „ლაციოს“ კარში დანიშნული კუთხურის შემდეგ თანაგუნდელის თავურ დარტყმას თავადაც თავით შეუცვალა მიმართულება და ანგარიშში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა.
საერთო ჯამში გოგლიჩიძემ მინდორზე გატარებულ 53 წუთში ერთიდან ერთი ორთაბრძოლა მოიგო, ათბალიანი სისტემით 7.3 მეათედი მიიღო, პასები 95-პროცენტიანი (21-დან 20) სიზუსტით გააკეთა, ბურთს 29-ჯერ შეეხო და მხოლოდ ერთხელ დაკარგა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „ლაციომ“ „მონცა“ საკუთარ სტადიონზე 3:1 დაამარცხა.
ცნობისათვის, 6 ტურში დაგროვებული 4 ქულით „მონცა“ მეთექვსმეტე ადგილზეა. მომდევნო ტურში საბა გოგლიჩიძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ სტადიონზე „კალიარის“ უმასპინძლებენ და შეხვედრა 19 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.