„მისი გვჯერა და აქ შემთხვევით არ არის“ | ოსტინ რივზმა მამუს საკალათბურთო ინტელექტი გამოარჩია
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავმა, ოსტინ რივზმა, სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. რივზმა „მამუ“ შეაქო და აღნიშნა, რომ მას მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს, რის წყალობითაც შეტევების წარმართვა შეუძლია.
„სანდრო კარგი კალათბურთელია. მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისში ცოტა გაუჭირდა, რადგან ნერვიულობდა იმაზე, რომ ყოველი შეტევისას აუცილებლად სწორად ეთამაშა. ჯეი ჯეი რედიკი, მე და ლუკა ამ თემაზე დაველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ ამ გუნდში შემთხვევით არ არის, მისი გვჯერა და იყოს ის, ვინც რეალურადაა.
ჩვენი მთავარი მესიჯი სწორედ ეს გახლდათ. სანდროს იმდენად მაღალი საკალათბურთო ინტელექტი აქვს, თუ დაცვაში ბურთი მოხსნა, შეუძლია, მომდევნო შეტევაში გამთამაშებლის ფუნქციები შეითავსოს, მაშინაც კი, როცა პარკეტზე მე ან ლუკა ვიმყოფებით. თუ ბურთი მიიღო, შეუძლია, შეტევა დაიწყოს. ჩვენ მისი გვჯერა და ვენდობით“.
ცნობისთვის, მამუკელაშვილმა „ლეიკერსის“ მაისურით პრესეზონის სამი შეხვედრა გამართა. პირველ თამაშში, „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ, მან 8 ქულა დააგროვა. მეორე და მესამე მატჩებში კი ბევრად უკეთესი იყო და 15 და 19 ქულა მიითვალა.