მსოფლიოსთან ერთ ნაბიჯში! - რა შემთხვევაში გავალთ მუნდიალზე
2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისი არენაზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და ტურნირზე მოხვედრისთვის ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ამ მოგებით, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურთან ძალიან ახლოს მივიდა. გადამწყვეტი მატჩი 2027 წლის 26 თებერვალს, სტუმრად მონტენეგროსთან გვექნება და წაგების შემთხვევაშიც, პრაქტიკულად, მსოფლიო პირველობაზე მაინც ვიასპარეზებთ. უბრალოდ, აქ ერთადერთი პირობაა - ვინაიდან, საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსთან თბილისური მატჩი 27 ქულის სხვაობით მოიგო, გასვლით შეხვედრაში 27-ქულიანი სხვაობით არ უნდა დავმარცხდეთ. ამ შემთხვევაში, ჩვენი ბედი ჯერ ჯგუფის სხვა შეხვედრებზე, შემდეგ კი 1 მარტს საბერძნეთთან თბილისურ მატჩზე იქნება დამოკიდებული.
საქართველოს ნაკრები საკმაოდ ხელსაყრელ პოზიციაშია და ყველაფერი მხოლოდ ჩვენს თავზეა დამოკიდებული. ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს დარჩენილი ორი შეხვედრიდან (26 თებერვალს სტუმრად მონტენეგროსთან და 1 მარტს თბილისში საბერძნეთთან) ნებისმიერ ერთში გამარჯვებაც ჰყოფნის იმისთვის, რომ 20 ქულა დააგროვოს და სხვა მატჩების შედეგების მიუხედავად, მუნდიალის საგზური გაინაღდოს. პორტუგალიისა და მონტენეგროს მაქსიმუმი 19 ქულაა, საბერძნეთის კი 18. საქართველოს გასვლის შანსი ორივე შეხვედრის წაგების (19 ქულა) შემთხვევაშიც რჩება: ამ სცენარით საბერძნეთი ჩვენს ნაკრებს მაინც ვერ გადაასწრებს, ხოლო თუ მონტენეგრო ესპანეთთან დამარცხდება ან პორტუგალია ორივე თამაშს ვერ მოიგებს, ქართველები სამეულში დარჩებიან. გარდა ამისა, 19-ქულიან გათანაბრებაში საქართველოს პორტუგალიასთან პირადი შეხვედრები 2:0 აქვს მოგებული, მონტენეგროსთან კი პირველ წრეში 27-ქულიანი უპირატესობა (101:74) აქვს შექმნილი.
იდენტურ ვითარებაშია ჯგუფის ლიდერი ესპანეთიც (17 ქულა), რომელსაც პორტუგალიასთან გასვლით და მონტენეგროსთან საშინაო მატჩებში ერთი მოგებაც 100%-ით გაიყვანს მსოფლიო ჩემპიონატზე. ორივე წაგების შემთხვევაშიც კი ესპანელებს ტაი-ბრეიკებში ბურთების სოლიდური სხვაობა იცავს. რაც შეეხება მესამეადგილოსან უკრაინას (16 ქულა), ორი მოგება (სტუმრად საბერძნეთთან და შინ პორტუგალიასთან) მათაც უპირობოდ გაიყვანს მუნდიალზე. ერთი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინელებს პორტუგალიის დამარცხება (სასურველია 6 ან მეტი ქულით, რადგან პირველი მატჩი 90:95 დათმეს) ავტომატურად აძლევს საგზურს, ხოლო საბერძნეთთან მოგებისა და პორტუგალიასთან მარცხის პირობებში, ესპანეთისა და საქართველოს დახმარება დასჭირდებათ. ორივე წაგება უკრაინას ჯგუფში ტოვებს.
მდევრებიდან პორტუგალიასა და მონტენეგროს (15-15 ქულა) მიზნის მისაღწევად, ფაქტობრივად, ორივე დარჩენილი მატჩის მოგება (19 ქულა) სჭირდებათ. თითო მოგებითა და თითო წაგებით (18 ქულა) მათი გასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება რეალური, თუ უკრაინა ორივე შეხვედრას წააგებს, კონკურენტები კი ქულებს დაკარგავენ. ურთულეს მდგომარეობაშია საბერძნეთი (14 ქულა), რომელსაც ერთი მარცხიც საბოლოოდ უწურავს შანსს. ბერძნები მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ იმ სცენარით გავლენ, თუ თავად უკრაინასაც მოუგებენ და თბილისში საქართველოსაც, პარალელურად კი მონტენეგრო ორივე მატჩს წააგებს, პორტუგალია ესპანეთთან დამარცხდება, ბოლო ტურში კი უკრაინას აჯობებს და 18-ქულიან სამმაგ ტაი-ბრეიკში ბურთების შეფარდება საბერძნეთის სასარგებლოდ იმუშავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს