„მჯერა, რომ მოუმატებს. მისგან უფრო მეტი გვჭირდება“ - ვილიარეალის მწვრთნელი მიქაუტაძეზე
ლა ლიგის მე-14 ტურში, „ვილიარეალი“ სტუმრად „სელტას“ დაუპირისპირდა და გიორგი მიქაუტაძის დუბლით 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინიგო პერესმა განვლილი მატჩი შეაფასა და ქართველი შემტევის შესახებაც ისაუბრა:
„ზოგადად, ისეთი მწვრთნელი ვარ, რომელიც მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. ალბათ, ყველა ეს მატჩი რომ მოგვეგო და კარგადაც გვეთამაშა, რაიმე ნაკლს მაინც მოვძებნიდი - ვფიქრობ, სწორედ ეს არის მწვრთნელის საქმე. ცხადია, სათანადოდ ვაფასებ იმ წუთებსა თუ პირველ ტაიმს, რომელიც „კამპ ნოუზე“ ჩავატარეთ, ასევე რამდენიმე დღის წინ პრაღაში გამარჯვებას ფიზიკურად უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ და დღეს „ბალაიდოსზე“ „სელტას“ დამარცხებას, რომლის დონეც დღევანდელ შეხვედრამდე ყველასთვის თვალსაჩინო იყო. ამ ყველაფერს ყოველთვის ვაფასებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ გვსურს, გამარჯვებები ხანგრძლივად შევინარჩუნოთ და ჩვენ მიერ დასახული მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, უნდა მოვუმატოთ. გამარჯვებების ფონზე ეს უფრო ადვილია და იგივე ითქმის გიორგი მიქაუტაძეზეც. ორი გოლის გატანის შემდეგ ის თამაშს აუცილებლად გააუმჯობესებს, რადგან იმ რეალიზაციის გარდა, რაც დღეს აჩვენა, მისგან უფრო მეტი გვჭირდება. მეტი გვჭირდება მისგან, მეტი - ყველასგან; გვინდა, რომ სტაბილურობა ჰქონდეს და ყველა დაგვეხმაროს იმაში, რომ მატჩების ბედი უფრო დამაჯერებლად გადავწყვიტოთ“.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მიქაუტაძემ მე-14 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. ასევე, ამ სეზონში ქართველმა შემტევმა ჩემპიონთა ლიგაზე 2 გატანილი გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა თავი.
10 ტურის შემდეგ, „ვილიარეალს“ 18 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს. მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „რეალ სოსიედადთან“ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს