საქართველოს საკალათბურთო ნაკრები
Aa
Aa

„გვჯეროდა, რომ საქართველოს დამარცხება შეგვეძლო“ - რა თქვეს პორტუგალიელებმა

2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისი არენაზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და ტურნირზე მოხვედრისთვის ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიო გომეშმა და კალათბურთელმა, მიგელ კეიროშმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

მიგელ კეირუში:

ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე. გვჯერა, რომ ჩვენს ჯგუფში ნებისმიერ გუნდს შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ. საქართველო ერთ-ერთი ის გუნდი იყო, რომლის დამარცხებაც, ჩვენი აზრით, შეგვეძლო. გამარჯვების მოსაპოვებლად თამაშისთვის ძალიან ჭკვიანურად მოვემზადეთ. შესანიშნავი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეტევაში ცოტა ავჩქარდით, ბურთს ვკარგავდით, მას სათანადოდ ვერ ვუფრთხილდებოდით და მისი გათამაშება გვიჭირდა - მეტოქე ძლიერ პრესინგს მიმართავდა, ჩვენ კი ბურთს კარგად ვერ ვამოძრავებდით. ასეთ დარბაზში და იმ მაღალი კლასის მოთამაშეების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ჰყავთ, ზედიზედ დაშვებული შეცდომების შემდეგ თამაში ძალიან რთულდება. საბოლოოდ მათ გაიმარჯვეს, თუმცა ჩვენთვის ეს კარგი ბრძოლა იყო. გმადლობთ.

მარიო გომეში:

სანამ უშუალოდ თამაშზე ვისაუბრებ, მინდა სამი საკითხი აღვნიშნო. პირველი: არანაირი პრეტენზია არ გვაქვს საქართველოში ჩვენს ყოფნასთან დაკავშირებით - ყველაფერი იდეალურად იყო: ორგანიზება, ტრანსპორტირება, სავარჯიშო პირობები, სასტუმროს პერსონალის სტუმართმოყვარეობა. მოკლედ, ყველაფერი შესანიშნავად იყო. წესით, ყოველთვის ასეც უნდა იყოს, თუმცა ხანდახან ასე არ ხდება. ამჯერად არანაირი პრეტენზია არ გვაქვს, ამიტომ მადლობა ამისთვის.

მეორე საკითხი: არანაირი პრეტენზია არ გვაქვს არც მსაჯებთან დაკავშირებით. ზოგჯერ გვაქვს ხოლმე, მაგრამ დღეს - არა. მათ ძალიან კარგად იმუშავეს, ანგარიშზე გავლენა არ მოუხდენიათ. მათ თავიანთი საქმე შეასრულეს, ისევე როგორც გუნდებმა, და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

და მესამე - რა თქმა უნდა, ვულოცავ საქართველოს, რადგან 40 წუთის განმავლობაში ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და ეს გამარჯვება დაიმსახურეს.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: მატჩი 40 წუთს გრძელდება. ჩვენ პირველი 20 წუთის განმავლობაში ვიყავით უკეთესები, მაგრამ მეორე ტაიმში საქართველო ჩვენზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. მათ გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ - დაცვაში ზეწოლა გააძლიერეს, ჩვენ კი შეტევაში თამაში ვეღარ შევძელით. ორგანიზებულად ვეღარ ვმოქმედებდით, ჩვენი ჩვეული კალათბურთის თამაში ვერ მოვახერხეთ და სწორედ ეს აღმოჩნდა მატჩის გადამწყვეტი ფაქტორი. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ეს არ იყო 14-ქულიანი სხვაობის თამაში, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის, რომ მეორე ტაიმში შეტევაში ჩვენი ჩვეული კალათბურთი ვერ ვითამაშეთ. ამაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრებს მიუძღვის, რადგან მათ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ ჩვენც უკეთ უნდა გვემოქმედა შეტევაში და ბურთი უფრო სწრაფად გვემოძრავებინა - ბურთს ვერ ვამოძრავებდით, რათა სასროლ პოზიციაზე თავისუფალი მოთამაშე გვეპოვა. სწორედ ეს იყო ამ მატჩის გასაღები. გმადლობთ.

მიგელ კეირუში:

კვლავ გვჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია - ეს ჩვენი ძალიან მკაფიო მიზანია. არ ვიცი, როგორ ითამაშა დღეს უკრაინამ, ახლა უნდა დაველოდოთ და სატურნირო ცხრილს გადავხედოთ, თუმცა გვჯერა, რომ იქ მოხვედრა შეგვიძლია. უკვე დავამტკიცეთ, რომ ამ ჯგუფში ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია - მგონი, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ვერ მოვუგეთ, საქართველოა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია და ვფიქრობთ, იქ ყოფნას ვიმსახურებთ.

პორტუგალიის დამარცხებით, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. 26 თებერვალს ჩვენი გუნდი სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მათემატიკურად გაინაღდებს, სხვა მატჩების შედეგებისა და ბოლო ტურის მიუხედავად.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „რომ წაგვეგო, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“ - ჯიკიჩი პორტუგალიასთან გამარჯვებაზე
    „რომ წაგვეგო, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“ - ჯიკიჩი პორტუგალიასთან გამარჯვებაზე