„მწვრთნელის სათამაშო გეგმას ბოლომდე მივყევით“ - ანდრონიკაშვილი
2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისი არენაზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და ტურნირზე მოხვედრისთვის ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის წევრმა, რატი ანდრონიკაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასა.
რატი ანდრონიკაშვილი:
კარგად ვიმუშავეთ, მწვრთნელის სათამაშო გეგმას მივყევით და პორტუგალიასაც ვაფასებ შესანიშნავი თამაშისთვის.
ჯიკიჩის ფილოსოფია? ზოგადად, ჩემი აზრით, მისი ფილოსოფია ისაა, რომ ვისაც მოედანზე აყენებს და თავის გუნდში ჰყავს, ბოლომდე ენდობა. ჩემი გადმოსახედიდან - სხვაზე ვერ ვილაპარაკებ - როდესაც ადამიანი ასე ბოლომდე გენდობა, ეს ნდობა უნდა დაუბრუნო და შენი მაქსიმუმი გააკეთო. რა არის კონკრეტული კალათბურთელის მაქსიმუმი, ეს ყველა მოთამაშეზე სხვადასხვანაირად ვრცელდება, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ისეთი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც თითოეული მოთამაშის ბოლომდე სჯერა.
როდის მივხვდით, რომ ვიგებდით? როდესაც სასტვენის ხმა გაისმა. სანამ მსაჯი არ ჩასტვენს, მანამდე არაფერია დასრულებული. ასე რომ, როცა გავიმარჯვეთ, მაშინ გავიმარჯვეთ.
დღევანდელ შეხვედრაში რატი ანდრონიკაშვილმა მოედანზე 27:14 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
პორტუგალიის დამარცხებით, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. 26 თებერვალს ჩვენი გუნდი სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მათემატიკურად გაინაღდებს, სხვა მატჩების შედეგებისა და ბოლო ტურის მიუხედავად.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს