„რომ წაგვეგო, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით“ - ჯიკიჩი პორტუგალიასთან გამარჯვებაზე
2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისი არენაზე პორტუგალია 92:78 დაამარცხა და ტურნირზე მოხვედრისთვის ბრძოლის გზაზე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა და მისმა ასისტენტმა, ფილიპ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს:
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
მეგობრებო. სულ მოკლედ, მინდა ერთი ადამიანი გაგაცნოთ. როგორც იცით, ანატოლის ბოისას უკვე იცნობთ, მაგრამ აქ კიდევ ერთი ადამიანია - ჩემი მარჯვენა ხელი, ფილიპ მიხაილოვიჩი, რომელიც ჩვენი ფიზმომზადებისა და შედეგების მართვის დირექტორია. სწორედ ის უძღვება ამ მიმართულებას და ძალიან გვეხმარება იმაში, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. სხვათა შორის, საბერძნეთთან მატჩის შემდეგ მიღებული დატვირთვისა და გადაღლის ფონზე, რატიმ ანდრონიკაშვილმა მას მადლობა უნდა გადაუხადოს, რომ დღეს თამაში შეძლო.
რაც შეეხება უშუალოდ თამაშს: უპირველეს ყოვლისა, მადლობა ყველას მობრძანებისთვის. იცით, ზუსტად ასეთ შეხვედრას ველოდით, რადგან კონკურენტუნარიან გუნდს ვეთამაშებოდით. ვიცოდით, რომ ისინი ჩვენს დასამარცხებლად ჩამოვიდოდნენ. არ ვიცი, რამდენად აცნობიერებთ, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენთვის ჯერ არაფერი დასრულებულა. ეს მატჩი რომ წაგვეგო, სრულიად გაურკვეველ და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით - მართლა ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნებოდა. ახლა ვითარება ოდნავ უკეთესია, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება ბოლოს.
აშკარად ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. შეხვედრა ისე დავიწყეთ, როგორც მეტოქეს აწყობდა, რაც არ მოგვეწონა - ეს ჩვენს სტანდარტებს არ შეესაბამება. შემდეგ, მესამე მეოთხედში, ტემპსა და ხარისხს მოვუმატეთ და, როგორც ნახეთ, უკეთ ავთამაშდით. ვიპოვეთ ისეთი ხუთეულები, რომლებმაც კარგად იმუშავა, და საბოლოოდ მოვახერხეთ მათი სუსტი წერტილების გამოყენება. საბოლოო ჯამში, გავიმარჯვეთ. თუ შეკითხვები გაქვთ, ჯერ მე მკითხეთ, შემდეგ კი - ფილიპს. თუმცა, მანამდე ფილიპს თავადაც სურს რამდენიმე სიტყვის თქმა.
ფილიპ მიხაილოვიჩი:
პირველ რიგში, მადლობა მხარდაჭერისთვის დღევანდელი თამაშის განმავლობაში, ისევე როგორც საბერძნეთთან მატჩის დროს და მის შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ ფიზიკურ მომზადებასა და სპორტულ შედეგებს ძალიან სერიოზულად ვუდგებით. მადლობა მთავარ მწვრთნელს იმისთვის, რომ მაქვს სრული თავისუფლება, ვაკეთო ის, რასაც საჭიროდ ვთვლი. ვცდილობთ დავნერგოთ ისეთი მიდგომები, რომლებზეც ხშირად არ საუბრობენ - კვებიდან დაწყებული, ემოციებით, პერიოდიზაციითა და ნევროლოგიით დამთავრებული. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო შტაბს - ჩვენ ერთიან გუნდად, შეთანხმებულად ვმუშაობთ და ამ წარმატებაში მათი ძალისხმევა და წვლილიც უდიდესია. კიდევ ერთხელ გმადლობთ მხარდაჭერისთვის. მადლობა ფედერაციის პრეზიდენტსა და ყველა თანამშრომელს - ხელმძღვანელობიდან დაწყებული, თითოეული ადამიანით დამთავრებული. მადლობა დათმობილი დროისთვის.
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
პრობლემები დაცვაში მოხსნებთან დაკავშირებით? გეთანხმებით, დღეს მეტოქეს 16 შეტევითი მოხსნა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს ყველაფერი თავდადებისა და ძალისხმევის შედეგია - საბერძნეთთანაც გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, არის სხვა საკითხები, რომლებიც პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ, თუმცა ამ კომპონენტსაც აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას.
ფილიპ მიხაილოვიჩი:
მცირედს დავამატებ: როდესაც ხუთეული დაცვაში უმაღლეს დონეზე თამაშობს - ჯერ 40 წუთი საბერძნეთის წინააღმდეგ და ახლა 35 წუთი - მუდმივად პრესინგს მიმართავს და ძალიან მაღალი ინტენსივობით მოქმედებს, ასეთ მომენტებში კონცენტრაციის დაკარგვის ალბათობა იზრდება. როგორც ფიზმომზადების მწვრთნელი, ამას სწორედ ამ ფაქტორს დავუკავშირებდი. ძალიან რთულია შეასრულო ის მაღალი მოთხოვნები, რასაც მთავარი მწვრთნელი აყენებს - ითამაშო ასეთი ფიზიკური დატვირთვითა და ძალისხმევით და თან 40 წუთის განმავლობაში მაქსიმალური კონცენტრაცია შეინარჩუნო. ეს ნამდვილად ამით არის გამოწვეული.
ალეკსანდარ ჯიკიჩი:
არა, საქმე ისე ნამდვილად არ არის, თითქოს ბიჭებს ამის გაკეთება არ უნდათ. ბევრი არაფერია ისეთი, რისი გაკეთებაც მათ არ სურთ და მოხსნებისთვის ბრძოლა ნამდვილად არ შედის ამ სიაში. ვფიქრობ, ისინი ნამდვილი მებრძოლები არიან. დიახ, არსებობენ უკეთესი გუნდებიც, მაგრამ მე ჩემი გუნდი მომწონს - ეს უკვე ჩემი „პრობლემაა“, რომ ჩემი გუნდი მიყვარს.
პორტუგალიის დამარცხებით, საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებს. 26 თებერვალს ჩვენი გუნდი სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდება. ამ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მათემატიკურად გაინაღდებს, სხვა მატჩების შედეგებისა და ბოლო ტურის მიუხედავად.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს