გარკვეული შიში გვაქვს | ფროზინონეს მწვრთნელი კვერნაძის შესაძლო ტრავმაზე
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ფროზინონემ“ „ბენიტო სტირპეზე“ ალბერტო ჯილარდინოს გაწვრთნილ „პარმას“ 3:0 მოუგო. 25 წლის სლოვაკმა ფორვარდმა ტომაშ ბობჩეკმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.
ქართველმა შემტევმა გიორგი კვერნაძემ, რომელიც მასიმილიანო ალვინიმ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, მოედანი 73-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად ალესიო ძერბინი შევიდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელის მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეული შიში გამოთქვა.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, შეცვლამდე კუნთზე დისკომფორტი იგრძნო, კვერნაძეს ორშაბათს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და გაირკვევა, რამდენად მძიმეა დაზიანება.
„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ განმარტა, რომ კვერნაძის შეცვლაზე უფრო ადრე ფიქრობდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა დაარწმუნა, რომ თავს კარგად გრძნობდა.
„კვერნაძეზე ვერაფერს ვიტყვი, ხვალ ან ზეგ უნდა დაველოდოთ. მისი გაყვანა მინდოდა, მაგრამ დამარწმუნა, რომ კარგად იყო. გარკვეული შიში გვაქვს, იმედია, სერიოზული არაფერია“, — განაცხადა მწვრთნელმა.
ეს სიტყვები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით სეზონის იმ მონაკვეთში, როდესაც „ფროზინონეს“ შეტევის ხაზში უკვე არაერთ ფიზიკურ პრობლემასთან მოუწია გამკლავება.
23 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13-ვე მატჩი სასტარტოდან დაიწყო (1 037 წუთი). კვერნაძის ანგარიშზეა 3 გოლი, 4 საგოლე პასი და 1 მოპოვებული პენალტი. გარდა ამისა, იტალიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
Transfermarkt-მა, მიმდინარე სეზონის მიხედვით, ფეხბურთელის საბაზრო ფასი 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაზარდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს