„ასეთ შემთხვევაში იანს დაამარცხებს“ - სეხუდოს ძველი მერაბი მოენატრა
24 ოქტომბერს, ქართული სპორტის გულშემატკივრების ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქისკენ იქნება მიპყრობილი - აბუ დაბიში UFC 333-ის ძალიან სანახაობრივი ღონისძიება უნდა შედგეს, რომლის თანამთავარი მოვლენაც სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბი იქნება. რამდენად შეუძლია მერაბ დვალიშვილს მოქმედი ჩემპიონის, პიოტრ იანის დამარცხება და რა უნდა გააკეთოს გასამარჯვებლად ქართველმა „მანქანამ“, ამის თაობაზე ცნობილმა ვებ-გვერდმა talkSPORT-მა ჰენრი სეხუდოს მიმართა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:
„დიახ, ვფიქრობ, რომ მერაბ დვალიშვილს პიოტრ იანის დამარცხება შეუძლია, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ გაბრაზდეს. რამდენიმე თვის წინ თბილისში ერთად ღვინოს ვსვამდით და მაშინ ვუთხარი: „მერაბ, დაიბრუნე ის წყეული რისხვა, რაც ყოველთვის შენი თანმდევი იყო. გახსოვს რა მითხარი იანთან პირველი ჩხუბის მოგების შემდეგ? სხვა ნებისმიერთან დამარცხება შეიძლებოდა, მაგრამ იანთან წაგების უფლება არ მქონდა“. სწორედ ასეთი მეტოქეობის შეგრძნება თუ დაუბრუნდება და ამ უაზრო მოკრძალებას თავიდან მოიშორებს, აუცილებლად გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ ჰენრი სეხუდო UFC-ის ერთ-ერთი ყოფილი ჩემპიონია, რომლის დამარცხებაც მერაბ დვალიშვილმა შეძლო. ისიც აღსანიშნავია, რომ მათი გზები ჭიდაობის ამერიკულ ორგანიზაცია RAF-შიც გადაიკვეთა და თუ თბილისში ქართველმა „მანქანამ“ გაიმარჯვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში სეხუდომ რევანშის აღება მოახერხა.