„ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა“ | LoL-ის მოთამაშის ფავორიტი ხვიჩა კვარაცხელიაა
პოპულარული ვიდეოთამაშის, League of Legends-ის მოყვარულებისთვის Zeus-ი კარგად ნაცნობი პროფესიონალი მოთამაშეა. სამხრეთკორეელმა ჩოი ვუ-ჯემ კარიერა T1-ში დაიწყო, ახლა კი Hanwha Life Esports-ში ასპარეზობს და ბევრის აზრით, თავის როლში (ტოპ ლეინი) მსოფლიოში საუკეთესოა.
Zeus-ს მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული და ერთხელ ფინალური სერიის MVP გახდა. League of Legends-ის გარდა, Zeus-ი ფეხბურთსაც აქტიურად ადევნებს თვალს და, როგორც Hanwha Life Esports-ის იუთუბარხზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, მისი ფავორიტი „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაა.
„ორკვირიანი დასვენება რომ მივიღო, ევროპის დასათვალიერებლად წავალ. მინდა, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას დავესწრო. არის ერთი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. ის პარი სენ-ჟერმენში თამაშობს და მისი სახელი და გვარი ხვიჩა კვარაცხელიაა.
ის ყურადღების ცენტრში ყოველთვის არ იმყოფება, მაგრამ როდესაც მის თამაშებს ვუყურებ, გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი სულ მას შეაქვს. ჩემი მიზანია, გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შევიტანო და მისი თამაშის ყურება ძალიან მაგარია. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ის ყველა კომპონენტში ბრწყინვალეა“.
ცნობისთვის, კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ლილს“ დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.