„ფიფია რა შუაშია? შუსტერს გინება არ ადარდებს, მე ტორპედოში ორი თვე არ მაცადეს“ - ინტერვიუ კობა ჟორჟიკაშვილთან
ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის დანავსული 22-წლიანი პერიოდი დასრულდა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ეს უდიდესი სიხარული ქართველ გულშემატკივრებს „იბერია 1999“-მა მოუტანა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ევროასპარეზზე Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის დანარჩენი სამი წარმომადგენლის ასპარეზობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.
რა სასიკეთო ცვლილებებს მოუტანს „იბერიელების“ წარმატება მთლიანად ქართულ ფეხბურთს და როგორ აფასებს განვლილ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებისთვის ევროტურნირებზე, ამ შეკითხვით ცნობილ მწვრთნელს კობა ჟორჟიკაშვილს მივმართეთ, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში არსებულ რეალობასთან დაკავშირებით პესიმისტური განწყობა ვერ დამალა და ძველი საინტერესო ამბებიც გაიხსენა.
კობა ჟორჟიკაშვილი
რა თქმა უნდა „იბერია 1999“-ის მიღწეული წარმატება კარგია, მაგრამ ამ კლუბის თამაშის ხარისხმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. კიდევ ერთხელ ვიტყვი - მადლობა UEFA-ს ასეთი ფორმატის შექმნისთვის, თორემ ადრინდელი სისტემით რომ ყოფილიყო ყველაფერი, ამ წარმატების ლოდინი ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევდა. ადრე კლუბები თუ წააგებდნენ, გათამაშებას ეთიშებოდნენ და ეგრეთწოდებული დამამშვიდებელი წრე არ არსებობდა.
ამას მხოლოდ „იბერიაზე“ არ ვამბობ, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც იოლი ფორმატის დამსახურებაა, თორემ წინა თაობის ფეხბურთელებს, გიორგი ქინქლაძეს, კახა კალაძეს და არველაძეებს რომ ეთამაშათ ერთა ლიგაზე, მათი ფორმაციის გუნდიც გავიდოდა კონტინენტის პირველობაზე. 90-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში ინგლისისთვის და გერმანიისთვის უნდა მოგვეგო რომ გავსულიყავით, ახლა კი ყველაფერი საგრძნობლად გაიოლებულია. იგივე „იბერიას“ რომ დავუბრუნდეთ, კენჭისყრის ყველა ეტაპზე ძალიან გაუმართლა და ყველაზე მისაღები მოწინააღმდეგეები შეხვდა.
რაშია ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემა? ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი საფუძველია ყველაფრის, რადგან ფიზიკა ენერგიაა და ფინანსებიც ერთგვარი ენერგიაა. არც ფინანსური ენერგია არ აქვთ ჩვენს გუნდებს და არც ფიზიკური. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ტემპი და ინტენსივობა დაბალია და ამის გამო საქართველოს ვერც ერთი კლუბი პრესინგს ვერ ახორციელებს, რადგან ამის რესურსი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ევროტურნირებზე გასვლისას ვაწყდებით სწორედ ამ პრობლემებს.
ამა თუ იმ ტრანსფერის გაკეთების დროს იცით რაზე ფიქრობენ ქართული კლუბების ხელმძღვანელები? მოდი ახლა ამ ფეხბურთელს ვიყიდი, გავზრდი, მერე გავყიდი და ფულს ვიშოვი. არადა, შედეგის საჩვენებლად გასაზრდელი კი არა, შემდგარი მოთამაშეები უნდა ჩამოიყვანო. შემდგარი ფეხბურთელი კი ჩვენს ჩემპიონატში არ მოდის, რადგან ის ფიქრობს, რომ მან თავისი დონე რომ შეინარჩუნოს, დაბალი რანგის პირველობაზე ასპარეზობა არ გამოადგება.
ავიღოთ ინფრასტუქტურა, ყველა იმას ვამბობთ, რომ ყველაფერი გაუმჯობესებელია, მაგრამ ჩვენი მეზობლები სომხეთი და აზერბაიჯანი რომ ავიღოთ, ჩვენზე გაცილებით კარგი ბაზები და სტადიონები აქვთ და მაგ კუთხით ამიერკავკასიაში ყველაზე დაბალ დონეზე ვართ.
„პაიდეს“, „კლაკსვიკის“, „ჰამრუნის“ და სხვა ასეთი კლუბების არსებობა თბილისის „დინამომ“ გამაგებინა. ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ნახევრადხუმრობით ეგრეა - მართლა არ ვიცოდი ეს გუნდები. იცით, რა ვერ გათვალეს? პირველ ეტაპზე უსუსტესი „მონდორფის“ გასაგდებად დამატებითი დროის თამაში რომ დაგვჭირდა, აი ეს მატჩი უნდა ყოფილიყო საგანგაშო სიგნალი, მაგრამ ეტყობა ვერ გაითვალისწინეს და პრობლემები ვერ დაინახეს. თუნდაც აქ „ჟალგირისს“ 3:0 რომ მოვუგეთ, მეტი წილი გოლები შემთხვევითობით გავიტანეთ და ესეც უნდა გაეთვალისწინებინათ. ანგარიშიდან გამომდინარე, მგონი მოდუნდნენ და ლიეტუველებთან საპასუხო მატჩის წინ უკვე გამარჯვებულებად ჩათვალეს საკუთარი თავი.
მარცხის შემდეგ ყველა უარყოფითი ისრის რომან ფიფიაზე მიმართვა არ შეიძლება. მისი ამოცანაა შექმნას პირობები, რითაც მთავარი მწვრთნელი იმოქმედებს. როდესაც მწვრთნელი მოდიხარ სამუშაოდ და გაქვს ასეთი პირობები, პასუხისმგებლობაც შენ უნდა აიღო, რომ ამ პირობებში მე ამას გავაკეთებ და ამას ვერ გავაკეთებ. ფიფია ხომ არ გამოვა და მწვრთნელის მაგივრად გუნდს ავარჯიშებს და ფეხბურთელებს დავალებებს მისცემს? მას მწვრთნელმა უნდა უთხრას, რომ მე მჭირდება ამდენი დრო და ამდენი ფინანსები, რომ დასახული ამოცანები შევასრულო. ისიც სათქმელია, რომ გარედან ინვესტიციები არ მიდის „დინამო თბილისში“ და ფიფია ცდილობს ფეხბურთელების გასხვისების ხარჯზე შეინახოს კლუბი და ბოლო პერიოდში აქედანაც არ ჩანს სათანადო ფინანსები.
რატომ არ მიდის დირკ შუსტერი „ტორპედოდან“? ევროპელებმა მუშაობა იციან როგორ იცით? სანამ კლუბში მივა, თავისი აგენტი ჰყავს, თავისი ადვოკატი ჰყავს და ისეთ კონტრაქტს აფორმებს, რომ თუ ის მსვლელობის პროცესში დაირღვა, ძალიან დიდ კომპენსაციას მიიღებს. სწორედ ამიტომ, ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელებს არ უღირთ ასეთი მწვრთნელის გაშვება. შუსტერიც მოსულია თავისი პირობებით და შენ რაც არ უნდა მაგას აგინო, რაც არ უნდა შეურაცხყოფა მიაყენო, საერთოდ რეაქცია არ აქვს იმიტომ, რომ ის იტყვის, რომ მოვხვდი დაბალი განვითარების საზოგადოებაში, მათ ფეხბურთი არ ესმით და ასე შემდეგ.
მე თავის დროზე ვიყავი „ტორპედოში“ და ორი თვე არ მაცადეს მუშაობა. არადა ამ დროს გუნდი იმ ორ თვეში ისე მოვამზადე, რომ საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა. ანუ აქედან დასკვნა? მსგავსი ფინანსური მხარდაჭერის პირობებში ქართველ მწვრთნელებს არ ეძლევათ საშუალება საკუთარი ნიჭი გამოავლინონ, უცხოელებს კი პირიქით - საკმარისზეც მეტ დროს აძლევენ.
რა შედეგი მექნებოდა ამდენი ხანი რომ მემუშავა „ტორპედოში“ ? 2012-2013 წლები იყო, როდესაც მე და ბუბა ტყავაძე რუსთავის „მეტალურგში“ მივედით სამუშაოდ, სადაც აი შედარებით კარგი პირობები იყო, ისეთი არა როგორც მაშინდელ „დინამო თბილისში“, მაგრამ არ დავიწუწუნებდით და ხელფას-პრემიები თავის დროზე რიგდებოდა. რუსთავის კლუბი მაშინვე საქართველოს ჩემპიონი გავხადეთ, მაგრამ ჩემპიონობა წაგვართვეს, ეს ის დრო იყო, როდესაც ჩვენც ვზეიმობდით ჩემპიონობას და „ზესტაფონიც“. ნუ მაგას თავი დავანებოთ და ევროტურნირებზე შეგვხდა ალბანეთის „ტეუტა“, რომელსაც სტუმრად 3:0 მოვუგეთ, საკუთარ სტადიონზე - 6:1. ამის შემდეგ დაგვიპირისპირდა „პლზენი“, რომელიც ჩეხეთის ნაკრების ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და თანაბარ ბრძოლაში დავმარცხდით. ამიტომაც გეუბნებით, არამხოლოდ ჩემს თავს ვგულიხმობ, ასეთი ფორმატის პირობებში ძალიან ბევრ ქართველ მწვრთნელს შეუძლია კარგი შედეგები დადოს.
შეგახსენებთ, რომ „იბერია 1999“-მა წლევანდელი ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპი ჩემპიონთა ლიგაში დაიწყო და ერთი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ორი მატჩის ჯამში ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნს“ აჯობა. ხვალ ანდრეი დემჩენკოს მომზადებული გუნდი „იაგელონიას“ მიიღებს, რომელთანაც „პოლონეთში“ 0:4 დამარცხდა. რაც შეეხება Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის სხვა წარმომადგენლებს, თბილისის „დინამომ“ და გორის „დილამ“ ერთი ეტაპი გაიარეს, ქუთაისის „ტორპედოსთვის“ კი პირველივე ბარიერი დაუძლეველი აღმოჩნდა.