თემურ ქეცბაია, იბერია 1999, გიორგი ნემსაძე, რომან ფიფია
Aa
Aa

იბერია 1999-ზე, ხეჩიკაშვილზე, ფიფიაზე და დინამოზე - ინტერვიუ გიორგი ნემსაძესთან

„იბერია 1999“-მა ისტორიულ წარმატებას მიაღწია და 22-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა საქართველოს რიგით მეორე საფეხბურთო კლუბი, რომელმაც ევროპულ საკლუბო ტურნირზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ოცდაორი წლის წინ, 2004 წელს, მსგავსი სიხარული ქართველ გულშემატკივარს თბილისის „დინამომ“ აჩუქა და უეფას თასის ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც ისეთი კლუბების წინააღმდეგ ითამაშა, როგორებიც ინგლისის „ნიუკასლი“, პორტუგალიის „სპორტინგი“, საფრანგეთის „სოშო“ და საბერძნეთის „პანიონიოსი“ იყვნენ. იმ ფორმაციის „დინამოს“ კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი გახლდათ გიორგი ნემსაძე, რომელიც კარიერის ბოლო წლებს ითვლიდა, სამშობლოში დაბრუნდა და უმაღლესი კლასის ხარჯზე მშობლიურ გუნდს ფასდაუდებელი სამსახური გაუწია.

გამომდინარე იქიდან, რომ „იბერიელებმა“ 2004 წლის „დინამო თბილისის“ მიღწევა გაიმეორეს, Crystalsport-მა რესპოდენტად ამჯერად სწორედ 22 წლის წინანდელი „დინამო თბილისის“ კაპიტანი შეარჩია და ნემსაძემ, არამხოლოდ „იბერიას“ წარმატებაზე ილაპარაკა, არამედ წლევანდელ ევროტურნირებზე სხვა ქართული კლუბების გამოსვლაც შეაფასა.

გიორგი ნემსაძე

კარგად მახსოვს 2004 წელს მიღწეული წარმატება და გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება - იმ სეზონში უეფას თასი განსხვავებული ფორმატით ტარდებოდა, შინ და გარეთ თამაშები არ იყო და „ნიუკასლს“ სტუმრად ვეთამაშეთ. არადა, ინგლისელები რომ თბილისში ჩამოსულიყვნენ, სულ სხვა აჟიოტაჟი და სანახაობა იქნებოდა.

„იბერია 1999“-ის ფეხბურთელებს, მთელ სტაფს და ხელმძღვანელობას მთელი გულით ვულოცავ - მისასალმებელია, რომ ასეთი სასიხარულო ამბავი მოხდა, რაც იმის საწინდარია, რომ საინტერესო საფეხბურთო შემოდგომა გვექნება. „რეინჯერსი“ – „იაგელონიას“ წყვილთან გამარჯვებულთან საქართველოს ჩემპიონი ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს, რადგან მინიმალური კი არა მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე მაქსიმალურიც გააკეთა და დასახულ მიზანს მიაღწია. ვფიქრობ, „იბერია 1999“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეუძლიათ, რომ კარგი თამაშები გვაჩვენონ.

რას მისცემს ქართულ საკლუბო ფეხბურთს ეს წარმატება? პირველ რიგში დავინახავთ, სად ვართ და როგორც ვითამაშებთ ჯგუფურ ეტაპზე. თუ ძლიერ ოპონენტებთან „იბერიას“ მოთამაშეებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, ბუნებრივია ქართული ფეხბურთისა და ქართველი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი გაიზრდება, და ჩვენს ჩემპიონატშიც დონე აუცილებლად მოიმატებს. „იბერია 1999“-ის პრეზიდენტს ტარიელ ხეჩიკაშვილს ძალიან დიდი შრომა აქვს გაწეული და ასეთ წარმატებას ნამდვილად იმსახურებდა.

სიმართლე გითხრათ, გუშინდელ მატჩში თამაშის ხარისხით ცოტა არ იყოს უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ არის ფეხბურთში ისეთი შეხვედრები, სადაც საერთოდ არ აქცევ ყურადღებას ხარისხს და მთავარი შედეგია. ასე რომ, მერჩივნა ასე გვეთამაშა და გავსულიყავით და ვიდრე საოცარი თამაშის ფონზე, დასახული მიზნისთვის ვერ მიგვეღწია. ახლა იმედით ვარ, რადგან წნეხი მოხსნილია და ვფიქრობ, მომდევნო მატჩებში „იბერიელები“ უფრო დახვეწილ და კარგ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ.

„დინამო თბილისის“ მარცხის მიზეზები? სამბურთიანი ფორით ჩავედით ვილნიუსში, მაგრამ რა არის იცით? ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ასე ვთქვათ ჭყინტი ფეხბურთელი იყო ამ მატჩში ჩვენი გუნდის რიგებში - ნიჭიერები ძალიან, თუმცა ამავდროულად ძალიან გამოუცდელები. სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი, რადგან მეორე ტაიმის გარკვეულ მონაკვეთში ისეთი ამოვარდნა გვქონდა, ამას მხოლოდ გამოუცდელობა იწვევს. თემურ ქეცბაიას ბრალი არ იყო ეს მარცხი, უფრო დროის უქონლობით იყო გამოწვეული. მან სულ სამი თვეა ჩაიბარა კლუბი და ჯერჯერობით დისციპლინა აშკარად მოაწესრიგა. ყველა კარგად დაინახავთ, მომდევნო წელს ამ დროს თემურს როგორი კარგი გუნდი ეყოლება.

სანამ „დინამო თბილისის“ დამრიგებლად დავინიშნებოდი, სულ მესმოდა, რომ რომან ფიფია მწვრთნელების საქმეებში ერევა, თუმცა ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ მას ჩემთვის მსგავსი რამ არ უკადრებია. სრული კარტ-ბლანში მომცა, არც შემადგენლობის დაყენებაზე გამოუთქვამს თავისი აზრი და მუშაობის სრული თავისუფლება მომცა. უბრალოდ დიდხანს არ გაგრძელდა ჩვენი მუშაობა, რადგან მე გადავწყვიტე წასვლა და კახა ცხადაძე დაინიშნა ჩემს ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, ფიფია არც ქეცბაიას საქმეში ერევა და არც სხვა მწვრთნელებთან მიმართებაში მსგავსი რამ არ მოხდებოდა.

ცნობისათვის, „იბერია 1999“ ევროპა ლიგის პლეი ოფში მეტოქეს ელოდება - „რეინჯერსი“ – „იაგელონიას“ საპასუხო მატჩი გლაზგოში ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება. აქვე გეტყვით, რომ პირველი თამაში პოლონელებს 2:1 აქვთ მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი გააკეთა, ცუდიც, კარგიც, მაგრამ ყოველთვის კარგი უნდოდა“ - მერებაშვილი ფიფიაზე, ქეცბაიაზე და დინამოზე
„ბევრი გააკეთა, ცუდიც, კარგიც, მაგრამ ყოველთვის კარგი უნდოდა“ - მერებაშვილი ფიფიაზე, ქეცბაიაზე და დინამოზე