ექვსი კლუბი აკვირდება | დავითაშვილს მსურველები საფრანგეთშიც ჰყავს
ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისით დაინტერესებული გუნდების რაოდენობა გაიზარდა. ფრანგული გამოცემის, Foot Sur7-ის მიხედვით, დავითაშვილს ექვსი კლუბი აკვირდება.
ზურიკო „ევერტონის“, „ოლიმპიაკოსის“, „ბენფიკასა“ და „ბეშიქთაშის“ რადარებზეა, რომელთა შესახებაც აქამდე ბევრჯერ დაწერილა. მათ გარდა, „სენტ-ეტიენის“ გარემარბის კანდიდატურას ფრანგული კლუბები, „მონაკო“ და „ლილი“ განიხილავენ.
„სენტ-ეტიენი“ ლიგა 1-ში გადასასვლელად იბრძვის და პლეიოფის ფინალში „ნიცას“ ხვდება. Foot Sur7-ის ცნობით, ბევრი რამ სწორედ ამ დაპირისპირებაზე გახლავთ დამოკიდებული. თუ „მწვანეებმა“ უმაღლესი დივიზიონის საგზური ვერ მოიპოვეს, ზურიკოს შენარჩუნება მათთვის პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
გამოცემის მიხედვით, უპირატესობა ფრანგული კლუბების მხარესაა და ყველაზე კარგი შანსი „ლილს“ აქვს. „ჩრდილოელები“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ და ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა და „მწვანეები“ ზურიკოს სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონს ითხოვენ.