ორი ოვერტაიმი და ვემბის საოცარი მატჩი | სან ანტონიომ ოკლაჰომას სტუმრად მოუგო
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში მოქმედი ჩემპიონის, „ოკლაჰომა სითი თანდერის“ მეტოქე „სან ანტონიო სპურსია“. „ოკლაჰომამ“ პირველი თამაში საშინაო არენაზე, „პეიკომ სენთერში“ გამართა და საოცარი მატჩი ვიხილეთ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და ორი ოვერტაიმის შემდეგ „სპურსმა“ 122:115 მოიგო.
მეოთხე მეოთხედის სტარტზე „სან ანტონიოს“ 10-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. „ოკლაჰომამ“ ჩამორჩენა შეამცირა და 2 ქულით წინაც გავიდა — 97:95. „სპურსმა“ ბოლომდე იბრძოლა და მატჩის დასრულებამდე 11.5 წამით ადრე, ვიქტორ ვემბანიამას ორქულიანით 101:99 დაწინაურდა. „ვემბის“ შეი გილჯეს-ალექსანდერმა უპასუხა და ძირითადი დრო ფრედ, 101:101 დასრულდა.
პირველ ოვერტაიმში „სან ანტონიო“ 105:101-ს იგებდა, რასაც „ოკლაჰომამ“ 7-ქულიანი გაქცევით უპასუხა და სამი ქულით წინ გავიდა. „სან ანტონიო“ წაგებას ვემბანიამამ გადაარჩინა. ფრანგმა ცენტრმა შორეული სამქულიანი ჩააგდო, წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ოვერტაიმი დაინიშნა — 108:108. მეორე დამატებულ ხუთწუთეულში ტეხასელები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და საშინაო კედლების უპირატესობა მოიპოვეს.
„სან ანტონიოს“ რიგებში ფენომენალური იყო ვიქტორ ვემბანიამა — 41 ქულა, 24 მოხსნა (9 შეტევაში), 3 შედეგიანი გადაცემა, 3 დაფარება. „ვემბი“ NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი გახდა (22 წელი, 134 დღე), რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 40 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. ფრანგმა კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი მოხსნა (22 წელი, 352 დღე). ვემბანიამა ჩარლზ ბარკლის, კარიმ აბდულ-ჯაბარისა და მოუზეს მელოუნის შემდეგ მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც კონფერენციის ფინალში სულ მცირე 40 ქულა და 20 მოხსნა გაიფორმა. „ვემბი“ „სპურსის“ ისტორიაში დევიდ რობინსონის შემდეგ მეორეა, ვინც პლეოფში ამ სტატისტიკით გამოიჩინა თავი.
ვემბანიამას გარდა დილან ჰარპერი გამოირჩა — 24 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 7 ჩაჭრა. სტეფონ კასლმა 17 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. „ოკლაჰომას“ გამთამაშებელმა, შეი გილჯეს-ალექსანდერმა, რომელმაც MVP-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო, მატჩი 24 ქულითა და 12 ასისტით დაასრულა, თუმცა 23-დან მხოლოდ 7 სროლა გამოიყენა. „ოკლაჰომას“ რიგებში საუკეთესო ალექს კარუზო იყო — 31 ქულა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მეორე შეხვედრა ისევ „ოკლაჰომას“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი 21 მაისს არის დანიშნული. სხვათა შორის, „ოქეისი“ მიმდინარე პლეიოფში პირველად დამარცხდა. „თანდერმა“ „ფინიქს სანსსა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ 4:0 და 4:0 მოუგო.