„დაზღვევა ვეღარ უშველის“ | რა თქვეს იანმა და მერაბმა UFC 333-ის პრესკონფერენციაზე
22 ოქტომბერს, აბუ-დაბიში UFC 333-ის პრესკონფერენცია გაიმართა. მოახლოებულ ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილიც იჩხუბებს და „მანქანა“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებას პიოტრ იანთან შეეცდება.
რა თქვეს პიოტრ იანმა და მერაბ დვალიშვილმა პრესკონფერენციაზე
მერაბ დვალიშვილი: „ზოგადად, ხუთშაბათობით ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. წონის კლება მშვენივრად მიდის, თავს კარგად ვგრძნობ, ჯანმრთელი ვარ და ჩხუბისთვის მზად ვარ. საქართველო, მიყვარხარ. დავიხარჯები ბოლომდე, როგორც მჩვევია და როგორც ჩვენ გვეკადრება.
ყველა ფანისა და ადამიანის მადლიერი ვარ. შაბათს ძალიან მაგრად ვიჩხუბებ, ამიტომ თვალი არ დაახამხამოთ. ჩემპიონი გავხდები და აქტიური ვიქნები. მენტალურად ძალიან ძლიერი ვარ. ყველაფერი ჩხუბზეა დამოკიდებული და ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთო, ისაა, რომ ოქტაგონში ვიყო ის, ვინც რეალურად ვარ. საკუთარი თავისა და სტილის მჯერა და მისი დამარცხება შემიძლია“.
პიოტრ იანი: „ჩემთვის ეს ახალი ჩხუბია და არ მინდა წინა ორთაბრძოლაზე ვიფიქრო. დიდი მიზანი მაქვს: მინდა ეს ბიჭი დავანგრიო და საჩემპიონო ქამარი დავიცვა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და 24 ოქტომბერს ამ ბიჭს კიდევ ერთხელ დავანგრევ. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი გუნდის მიერ დადგენილ გეგმას მივყვე და მეტოქე მეთოდურად, ნაწილებად დავშალო, თუმცა მისი დანოკაუტების შანსი თუ გაჩნდება, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ცხვირს კიდევ ერთხელ გავუტეხავ და ამჯერად დაზღვევა ვერ უშველის. წინა ორთაბრძოლაში თეიქდაუნის 20 თუ 30 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და დგომში იჩხუბა. ახლა ჭიდაობა უნდა და ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მას არაფერი გამოუვა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ღონისძიების თანამთავარი მოვლენა იქნება. მათი ჩხუბი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით, დაახლოებით 23:30 საათიდან დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს