შერმადინის 5 ქულა - ტენერიფემ ფრანკფურტში მოიგო
ესპანეთის საკალათბურთო კლუბი „ლაგუნა ტენერიფე“ მიმდინარე სეზონში წინა წლებისგან განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე რანგით დაბალ ევროთასზე თამაშობს, თუმცა კანარის კუნძულების კლუბი კარგად გამოიყურება და ოთხი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ლიდერია. გიორგი შერმადინმა და მისმა თანაგუნდელებმა ამჯერადაც უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და გერმანიაში ადგილობრივი „ფრანკფურტი“ 10-ქულიანი სხვაობით, 104:94 დაამარცხეს.
37 წლის ქართველი კალათბურთელი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო, პარკეტზე 14 წუთი გაატარა და 5 ქულასთან ერთად, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. შერმადინმა ორიდან ერთი ორქულიანი და სამიდან სამივე საჯარიმო ჩააგდო, სამი მოხსნიდან ერთი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, გიორგი შერმადინი და მისი თანაგუნდელები მომდევნო თამაშს 25 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში, საკუთარ დარბაზში „ობრადოიროსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ევროთასის მომდევნო ტურში კი, ასევე საკუთარ დარბაზში, 28 ოქტომბერს, იტალიის „ვენეციას“ შეხვდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს