ცოტა დრო და ოთხი ქულა | შენგელიას დუბაიმ ოლიმპია მილანო დაამარცხა
თორნიკე შენგელიას „დუბაიმ“ ევროლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. „ბასკონიას“ დამარცხების შემდეგ ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და 101:97 გაიმარჯვა.
„დუბაიმ“ პირველი ნახევარი 56:49 მოიგო, მესამე მეოთხედში კი მეტოქეზე 8 ქულით მეტი ჩააგდო და გადამწყვეტი პერიოდის წინ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. „ოლიმპია მილანომ“ ბოლომდე იბრძოლა და ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.
შენგელიამ პარკეტზე 14 წუთი და 50 წამი გაატარა და 4 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთადერთი სამქულიანი ააცილა. მის გუნდში საუკეთესო დუეინ ბეიკონი იყო, რომელმაც 29 ქულა მიითვალა.
ცნობისთვის, „დუბაის“ 4 მოგება და 2 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს, „სტუდენტსკი ცენტრთან“ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს