„ბარსას დაცვისთვის საფრთხის მუდმივი წყარო იყო“ - ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონა“ დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი ძირითად შემადგენლობაში იყო და გოლის გატანაც შეეძლო. ფრანგულმა პრესამ ქართველის თამაში ასე შეაფასა:
FootMercato: ბოლოდროინდელი ჩავარდნის ფონზე კვარაცხელიამ მატჩის სტარტზევე შეძლო თავისი უნარების დემონსტრირება. მეორე წუთზე მან ბურთი ჟოან გარსიას კარის ძელს გაარტყა, შემდეგ კი ბერნალს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და წესები დაარღვევინა. 30-ე წუთზე კვარამ ჩვეულ სტილში შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ არასაკმარისად ძლიერად. გარდა ამისა, ხვიჩა დაცვაშიც გამოირჩეოდა, როცა 33-ე წუთზე მოედნის დიდი ნაწილი დაფარა და გუნდს ბურთი დაუბრუნა. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ დაზიანება მიიღო და მოედანზე ადგილი მაგნეს აკლიუშს დაუთმო.
RMC Sport: ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. მეორე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, 45-ეზე კი მისი დარტყმა „ბარსელონას“ მეკარემ მოიგერია. კვარაცხელია „ბარსელონას“ დაცვისთვის საფრთხის მუდმივი წყარო იყო. ასევე, ხვიჩა შედიოდა ორთაბრძოლებში, მეორე ტაიმში კი ტრავმის გამო შესაცვლელი გახდა.
Eurosport.fr: როცა კვარაცხელიამ მეორე წუთზე ბურთი ძელს გაარტყა, გვეგონა, რომ მან ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის დამახასიათებელი ფორმა დაიბრუნა. თუმცა ქართველს თამაშზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით დარტყმას, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს ჟოან გარსიამ აუღო. კვარაცხელიას გაექცა ესპარტი, რომელმაც 55-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ამავე ეპიზოდში ხვიჩამ მუხლი დაიზინა და ის აკლიუშმა შეცვალა.
L’Equipe: მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია საუკეთესო ფორმაში არაა, ენრიკემ ის ძირითადში დააყენა. ხვიჩა ეპიზოდებში ირთვებოდა, დარტყმის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მეორე წუთზე ძელს გაარტყა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დაცვაში ხვიჩას მნიშვნელოვანი თამაში „ბარსელონას“ პირველმა გოლმა გადაფარა, როცა კვარაცხელიას ესპარტი გაექცა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია ტრავმის გამო შეცვალეს. მისი დაზიანების სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი, როდესაც ხვიჩა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას ჩაიტარებს.
კომენტარები 1
ესპარტი კვარაცხელიას კიარა გაექცა ერნანდეს ჩაეძინა და კიდე იამალი როარ ჩანდა მთელი 60წ ამაშიც ხვიაჩას დამსახურება დიდი იყო.