„შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია“ | რას წერს L'Equipe-ი კვარაცხელიაზე
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მესამე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბარსელონა“ 4:2 დაამარცხა. მეორე ტაიმში, ჩავი ესპარტისთან ორთაბრძოლისას, ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ტრავმა მიიღო და ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია.
„კვარამ“ მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ტრავმის სიმძიმის პირველად შეფასებაზე ისაუბრა.
„„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ოთხშაბათს დაგეგმილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პასუხებს ელოდება. „პროგნოზის გაკეთება რთულია,“ — განაცხადეს მათ და თემას გვერდი აუარეს.
პირველადი ტესტების პასუხებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. კვარაცხელიას გარემოცვაში შიშობენ, რომ შესაძლოა, მუხლის წინა ჯვარედინი იოგი იყოს გაწყვეტილი. ოთხშაბათს ჩატარებული ტესტები ამ ვარაუდს დაადასტურებს ან უარყოფს. თუმცა გასულ ღამეს ქართულ ბანაკში ძალიან დაძაბული ატმოსფერო იყო“, – წერს ფრანგული გამოცემა.
მუხლის წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა სპორტულ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და კომპლექსური ტრავმაა. სარეაბილიტაციო პერიოდს 6-დან 9 თვემდე სჭირდება, თუმცა შესაძლოა, პროცესი 12 თვემდეც გაგრძელდეს. იმედი ვიქონიოთ, რომ „კვარა“ მძიმე ტრავმას გადაურჩება და მოედანზე მალე დაბრუნდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს