„ერთ-ერთი საუკეთესოა, არტეტას მთავარი საფიქრალია“ | რეი პარლორი კვარაცხელიაზე
„არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, რეი პარლორი Goal-ს ესაუბრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა განიხილა, რომელშიც ლონდონური კლუბი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. პარლორმა განსაკუთრებული აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მოთამაშე „მეთოფეს“ მაქსიმუმის გაღება მოუწევს.
„ჩემთვის ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მათ შორის, ვინც ბოლო დროს მინახავს. კვარაცხელია უბრალოდ შესანიშნავია — რასაც ბურთით აკეთებს და როგორ იჭრება ფლანგიდან ცენტრისკენ... მისი წყალობით, სანერვიულო გვაქვს.
არ ვიცი, ტიმბერს ზუსტად რამდენი გაუცდა, მაგრამ მან ძალიან დიდი დრო გამოტოვა და წარმოდგენა არ მაქვს, არტეტა მას ძირითადში დააყენებს თუ არა. როდესაც ამდენი ხანი არ გითამაშია, მოედანზე ვერ შეხვალ და ბრწყინვალე სამუშაოს ვერ შეასრულებ. ასე რომ, საინტერესო იქნება რა მოხდება ამ პოზიციასთან მიმართებით. არ ვიცი. მიმაჩნია, რომ ეს არტეტასთვის მთავარი საფიქრალი იქნება, ამაში ეჭვიც არ მეპარება.
ამ პოზიციაზე ვინც არ უნდა ითამაშოს, მაქსიმუმი უნდა გაიღოს. „პარი სენ-ჟერმენთან“ მარჯვენა მცველი შეტევაში ხშირად ვერ წავა. კვარაცხელიას წინააღმდეგ უფრო დაცვაზე ორიენტირებული დამოკიდებულება უნდა გქონდეს, რადგან ძალიან კარგად იცი, მას რა შეუძლია. ასე რომ, არ მგონია, განაპირა მცველები შეტევაში ისე აქტიურად ჩაერთნენ, როგორც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე.
მგონია, რომ ეს ბევრად უფრო სტრუქტურირებული დაცვის ოთხეული იქნება, რომელიც იტყვის: „თუ შეტევაში წასვლა გამოგვივიდა, დაე მეტოქეს ზიანი მაინც ჩვენზე წინ მყოფმა ფეხბურთელებმა მიაყენონ. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ პოზიცია არ დავკარგოთ, რადგან ვიცით, ისინი კონტრშეტევებზე რამდენად ძლიერები არიან და პოზიციურ შეტევაში რამდენად კარგად გამოიყურებიან“. ვფიქრობ, მიკელ არტეტა თამაშს სწორედ ასეთი მიდგომით შეხვდება“.
შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება 30 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.