„სისხლი ამიდუღდა, მას ძალიან გაუმართლა“ | ილიამ ჯოშ ჰოკიტთან ინციდენტზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარი ინციდენტი გაიხსენა. „ელ მატადორმა“ ალექს პერეირა დაიცვა და ჯოშ ჰოკიტს დაუპირისპირდა. თოფურიას თქმით, ჰოკიტს ძალიან გაუმართლა, რომ ადგილზე დაცვის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„ბევრ პრესკონფერენციაზე ვყოფილვარ, ყველაფერი გამომიცდია, მაგრამ არასდროს მინახავს, ვინმე ამდგარიყო და სხვა ადამიანის დედაზე ასე უპატივცემულოდ ელაპარაკა. ეს უდიდესი უპატივცემულობა იყო.
დარბაზში მაგარი ხმაური იყო და ბევრი არაფერი გვესმოდა. მახსოვს, ვფიქრობდი: „არ მჯერა, რომ ასეთ ფრაზებს ამბობს. თანაც აბსოლუტურად უმიზეზოდ, რადგან მას პერეირასთან ჩხუბიც კი არ აქვს ჩანიშნული“.
შეგიძლია, სხვა მებრძოლის უნარებზე ისაუბრო და ერთმანეთს „წაკბინოთ“. ეს პრობლემა არ არის, ამას შეჩვეული ვართ და ვიცით, რომ ეს ჩვენი საქმიანობის ნაწილია, მაგრამ სხვა მებრძოლის დედაზე ასეთი საუბარი...
სისხლი ამიდუღდა. ვთქვი: „მსგავსი მაგალითის მიცემა არ შეიძლება. მილიონობით ადამიანი გვიყურებს და როგორ შეიძლება, ასე ილაპარაკო“. ჰოკიტს გაუმართლა, რომ სცენაზე დაცვის სამსახურის ბევრი წარმომადგენელი იმყოფებოდა, თორემ ჩვენ ორიდან ვიღაც მაგარი ნაცემი დარჩებოდა და ეს მე არ ვიქნებოდი“.
შეგახსენებთ, რომ ჰოკიტი „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე, რომელიც 15 ივნისს გაიმართება, დერიკ ლუისს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ილიას, თოფურია შეეცდება, საჩემპიონო ქამარი ჯასტინ გეიჯისთან დაიცვას.