სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს | კადისი მექვაბიშვილის ტრანსფერზე მუშაობს
რუმინული გამოცემის, Trumedia-ს ინფორმაციით, „კადისმა“ ანზორ მექვაბიშვილის ტრანსფერის თაობაზე „უნივერსიტატეა კრაიოვას“ ოფიციალური შეთავაზებით მიმართა. ესპანური კლუბი მზად არის, ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ, ბონუსების ჩათვლით, 2.9 მილიონი ევრო გადაიხადოს.
„კადისმა“ წინადადება მექვაბიშვილსაც გაუკეთა — 3-წლიანი კონტრაქტი და დაახლოებით 400 000 ევრო ხელფასის სახით. Trumedia-ს ცნობით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და შესაძლებელია, ვითარება ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ შეიცვალოს.
როგორც ირკვევა, მექვაბიშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები „არარატ არმენიასთან“ მატჩის შემდეგ გაიმართება. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში „უნივერსიტატეა კრაიოვამ“ პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 ითამაშა და განმეორებითი მატჩი 27 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილს მსურველი აშშ-დანაც ჰყავდა და მისით MLS-ის წარმომადგენელი, „ჩიკაგო ფაიერი“ იყო დაინტერესებული. მექვაბიშვილი ჩიკაგოში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაიშალა. ამერიკული კლუბი მის სანაცვლოდ 2.1 მილიონ ევროს იხდიდა. „კადისში“ ორი ქართველი ირიცხება და ესპანური კლუბის ღირსებას იური ტაბატაძე და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.