შეცდომით შეცვალეს | განრისხებული ნეიმარი და სრული ქაოსი ბრაზილიაში
ბრაზილიის სერია A-ს მე-16 ტურში „სანტოსი“ საკუთარ კედლებში „კურიტიბას“ დაუპირისპირდა. „პაიშე“ 0:3 დამარცხდა და შეხვედრის მიმდინარეობისას სკანდალი დატრიალდა, რომლის ეპიცენტრშიც ნეიმარი აღმოჩნდა.
მეორე ტაიმში, როდესაც „სანტოსი“ 0:3-ს აგებდა, „ნეიმ“ ფეხი იტკინა და მკურნალობის მისაღებად მოედნის ფარგლები დატოვა. ბრაზილიელი ფეხბურთელი აუტის ხაზთან იდგა და ექიმები მას დახმარებას უწევდნენ. ამ დროს, „სანტოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, კუკამ ცვლილების გაკეთება გადაწყვიტა. მოედანზე რობინიო ჟუნიორი შევიდა, რომელსაც გონსალო ესკობარი უნდა შეეცვალა, მაგრამ მეოთხე მსაჯს შეცდომა მოუვიდა და 31 ნომრის ნაცვლად (ესკობარის ნომერი), ტაბლოზე 10 ნომერი აანთო, რომლითაც ნეიმარი თამაშობს.

„ნეი“ მომხდარით შოკირებული დარჩა და მთავარ არბიტრთან პროტესტი გამოხატა. მას თამაშის გაგრძელება უნდოდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რობინიო ჟუნიორი უკვე მოედანზე იყო შესული, ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ვერაფერს გახდა. მსაჯთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განრისხებულმა ნეიმარმა კამერებს ფურცელი აჩვენა, რომელიც მეოთხე რეფერიმ მიიღო. მასზე ეწერა, რომ რობინიო ჟუნიორს 31 ნომრით მოთამაშე ესკობარი უნდა ჩაენაცვლებინა და არა ნეიმარი.
ცნობისთვის, უახლოეს საათებში კარლო ანჩელოტი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობას დაასახელებს და საფეხბურთო სამყარო მოუთმენლად ელოდება, „ნეი“ „სელესაოსთან“ ერთად იქნება თუ არა. თავად ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ მუნდიალზე წასვლას იმსახურებს.