გოლი და საგოლე გადაცემა | მესის რეკორდი და ინტერ მაიამის ისტორიული მოგება
„ინტერ მაიამიმ“ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ფლორიდულმა კლუბმა თავის ახალ სტადიონზე, „ენიუ სთედიუმზე“, რომელიც 2026 წლის აპრილში გაიხსნა, პირველად მოიგო და „პორტლენდ ტიმბერსი“ 2:0 დაამარცხა.
„ინტერ მაიამის“ წარმატების მთავარი შემოქმედი ლიონელ მესი გახლდათ. 31-ე წუთზე არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 910-ე გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 42-ე წუთზე მესიმ კარიერაში 412-ე საგოლე გადაცემა გააკეთა და ხერმან ბერტერამეს გაატანინა. მატჩის დასრულების შემდეგ ლეო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ლა პულგამ“ MLS-ის რეკორდი დაამყარა. მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სამწლიან პერიოდში (2024, 2025, 2026) მინიმუმ 60 გოლი და 40 საგოლე გადაცემა მიითვალა. მის ანგარიშზე (ეს პერიოდი იგულისხმება) 61 გოლი და 41 საგოლე გადაცემა გახლავთ. ბოლო ოთხ თამაშში არგენტინელმა 5 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა გაიფორმა.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამიმ“ ახალ სტადიონზე მეხუთედ ითამაშა. აქამდე, ფლორიდელებს სამი ფრე და ერთი წაგება ჰქონდათ. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, „ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 28 ქულით მეორე ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, „ფილადელფია უნიონთან“ გამართავს.