„ჩრდილიდან საჭირო მომენტში გამოვიდა“ - Le Parisien ხვიჩას თამაშზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის დასკვნით მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ პარიზულ დერბიში „პარიზს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი 55-ე წუთზე ბარკოლას მიერ გატანილი გოლით 1:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქისგან 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 58 წუთი გაატარა. ხვიჩა ჩვეულად აქტიური არ ყოფილა, თუმცა „სენ-ჟერმენის“ გოლის ეპიზოდში თავისი წვლილი მაინც შეიტანა და პრე-ასისტი შეასრულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზულმა გამოცემა Le Parisien-მა ხვიჩას თამაში შეაფასა:
მატჩი საკმაოდ პასიურად დაიწყო — მოიგო ძალიან ცოტა ორთაბრძოლა და ბურთით თამაშისას რაიმე შესამჩნევი გამწვავება არ შეუტანია. ქართველი ჩრდილიდან საჭირო მომენტში გამოვიდა, როდესაც ბარკოლას გოლის ეპიზოდში ფაბიან რუისს დროული გადაცემა გაუკეთა. ასევე, აღსანიშნავია დაცვაში მისი რამდენიმე კარგი ჩამოსვლა, რითაც საკუთარ უკანა ხაზს საქმე შეუმსუბუქა.
ხვიჩა კვარაცხელიამ ლიგა 1-ის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პსჟ-მ ლიგა 1-ის სეზონი 76 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და „ლანსს“ 6 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდს სეზონის ბოლო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში ელის, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.