„ჩემი მოსვლის შემდეგ, ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩი იყო“ - ენრიკე მარცხის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის დასკვნით მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ პარიზულ დერბიში „პარიზს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ლუის ენრიკეს გუნდი 55-ე წუთზე ბარკოლას მიერ გატანილი გოლით 1:0 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქისგან 2 უპასუხო ბურთი გაუშვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცმა მარცხი შეაფასა.
რა თქვა ენრიკემ:
„არაფრის გამორჩევა არ შემიძლია. პირველი ტაიმი ძალიან დაბალი დონის იყო. მოსალოდნელი გოლის მაჩვენებელიც კი არ შეგვიქმნია. უდავოდ, ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, ეს ჩვენი ყველაზე ცუდი მატჩია. ბევრი მიზეზის მოყვანა შეიძლება, მაგრამ თავის მართლება არ მიყვარს. ვიცი, რომ ამ შეხვედრის თამაში რთულია, რადგან არანაირი მოტივაცია არ არსებობს. თუმცა, როდესაც „პარი სენ-ჟერმენი“ გქვია, მოედანზე სულ სხვა რამ უნდა აჩვენო. უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება დემბელეს, მცირე პრობლემა აქვს, იმედი მაქვს, სერიოზული არაფერია“.
„პარიზთან“ მარცხის მიზეზებზე გუნდის კაპიტანმა, მარკინიოსმაც ისაუბრა:
„ისეთი მატჩი არ ჩაგვიტარებია, როგორიც საჭირო იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ჩვენს დონეზე არ ვიყავით. მეორე ტაიმში გოლის გატანა მაინც მოვახერხეთ. თუმცა, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ — ორი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი ბოლო მიზნისთვის კარგად მოვემზადოთ“, - თქვა მარკინიოსმა.
„ცერემონია კარგი იყო. ამ ტიტულისთვის ბევრი ვიშრომეთ. ჩემპიონატის მოგება ძალიან რთულია. წინ კიდევ ერთი ფინალი გვაქვს სათამაშო და ეს ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის, რაც სეზონის განმავლობაში შეიძლება შეგემთხვეს. პარიზში გატარებული 13 წლის განმავლობაში, ეს ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მესამე ფინალია, ასე რომ, სეზონის დასასრული ნამდვილად ამაღელვებელია“, — აღნიშნა გუნდის კაპიტანმა ბუდაპეშტში „არსენალთან“ გასამართ მატჩამდე ორი კვირით ადრე.
პსჟ-მ ლიგა 1-ის სეზონი 76 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და „ლანსს“ 6 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდს სეზონის ბოლო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში ელის, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.