პსჟ-მ ლიგა 1 მარცხით დაასრულა - ხვიჩამ 58 წუთი ითამაშა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025/26 წლების სეზონის დასკვნით მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ პარიზულ დერბიში „პარიზს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. მატჩის დაწყებამდე პსჟ-მ საჩემპიონო თასი აღმართა.
ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონობა ოთხშაბათს, „ლანსთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ გაინაღდა და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ შეხვედრას უმოტივაციოდ ხვდებოდა. ამასთან, ენრიკემ მოედანზე გარკვეულწილად გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, თუმცა შეტევაში სასტარტო შემადგნელობაში ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და ბრედლი ბარკოლა დააყენა. საგულისხმოა, რომ პირველ ტაიმში, 28-ე წუთზე უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო და ის გონსალუ რამუშმა შეცვალა. ფრანგი შემტევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით, უცნობია.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა მოედანზე 58 წუთი გაატარა. ხვიჩა ჩვეულად აქტიური არ ყოფილა, თუმცა „სენ-ჟერმენის“ გოლის ეპიზოდში თავისი წვლილი მაინც შეიტანა და პრე-ასისტი შეასრულა. კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 34 შეხება, 25-დან 24 ზუსტი პასი, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ვარდნა, ბურთის 2-ჯერ დაბრუნება, კარისკენ 0 დარტყმა. Sofascore-ს შეფასება - 6.3 ქულა.
ხვიჩას ყველა ეპიზოდი:
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 50-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა. „პარიზმა“ წონასწორობა 76-ე წუთზე გორის გოლით აღადგინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე კი გორიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
პსჟ-მ ლიგა 1-ის სეზონი 76 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და „ლანსს“ 6 ქულით გაუსწრო. ლუის ენრიკეს გუნდს სეზონის ბოლო და ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი 30 მაისს, ბუდაპეშტში ელის, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა ვარსკვლავმა ლიგა 1-ის აწ უკვე დასრულებულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.