„ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს“ | მერაბ დვალიშვილმა მიმართვა გაავრცელა
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მისი კრიტიკისას საზღვრებს სცდებიან და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებენ.
„მინდა, გესაუბროთ იმაზე, რაზეც ამ ბოლო დროის განმავლობაში ხშირად ვფიქრობ ხოლმე. ჩემი ისტორია ყველამ იცით. ვანიდან, სოფელ სულორიდან ვარ. ცხრა წლამდე იქ ვცხოვრობდი, 2000 წელს კი ოჯახთან ერთად თბილისში გადავედით. 2003 წლიდან სპორტში ჩავერთე. ფეხბურთი არ გამომივიდა, სხვა ვარიანტებიც ვცადე, შემდეგ კი ვარჯიში დავიწყე. მაქვს მიზანი და დღესაც მას ვემსახურები. ჩემში არაფერი შეცვლილა — ერთი უბრალო სპორტსმენი ადამიანი ვარ.
ბევრს ჰგონია, რომ ჩხუბი აშშ-ში დავიწყე, მაგრამ საქართველოში 9 ბრძოლა მაქვს გამართული და ამის შემდეგ დამინიშნეს აშშ-ში ჩხუბი. ვიზა მომცეს, სამოყვარულო ქამარზე ვიჩხუბე, გავიმარჯვე და საქართველოში დავბრუნდი. ჯარში სამი თვე მქონდა დარჩენილი, ვიმსახურე და შემდეგ აშშ-ში საცხოვრებლად წასვლა გადავწყვიტე. როგორც გითხარით, სპორტი ბავშვობაში დავიწყე და არასდროს შემიწყვეტია — იმ დროსაც, როდესაც მშენებლობაზე ვმუშაობდი.
ორ წელზე ოდნავ მეტია, ჩემი პოპულარობა გაიზარდა და საჩემპიონო ქამარზე ვიბრძოლე. შესაბამისად, ინტერნეტში ჩემი კრიტიკა და ჩემ მიმართ სიძულვილი აქტიურად წამოვიდა. როცა ჩემი ოჯახის წევრებს ვურეკავ, ამ თემაზე ყოველთვის ერთმანეთს ვამშვიდებთ.
კრიტიკის ობიექტი მე ვარ. ზოგი მაგინებს, ზოგი მლანძღავს, ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს. ხანდახან წაგების გამო მლანძღავენ, ზოგს ჩემი ცხვირი არ მოსწონს, ზოგს — მეტყველება. უაღრესად გულგასატეხი კრიტიკაა ჩემზე, რომელიც არ დამიმსახურებია. ერთადერთხელ მომივიდა ზედმეტი, როდესაც ვთქვი: „სტალინს და მის მომხრეებს გავკარი“. ამაზე ბოდიში მოვიხადე და ახლაც ბოდიშს ვიხდი. ვისაც სტალინი მოგწონთ და ჩემი სიტყვებით შეურაცხყოფა მოგაყენეთ, ბოდიშს გიხდით.
მე და ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი გაგვიფუჭებია. პატიოსნად ვცხოვრობთ და მადლობა ღმერთს, რომ სიმართლე ძლიერია და ყოველთვის მტკიცდება. უბრალოდ, ქართველისგან ძალიან სამწუხარო და გულგასატეხია, როდესაც კრიტიკა საზღვრებს სცდება. იყენებენ შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და გინებას. ქართველისგან არის გულგასატეხი, თორემ ჩემი მეტოქეების ფანების კრიტიკას ყურადღებასაც არ ვაქცევ. ქართველისგან იმავეს ვერასდროს შევეგუები. ვბრაზდები ხოლმე და მინდება, ეს ადამიანები პირისპირ ვნახო. ალბათ, ამას ვერც ვერასდროს შევეგუები და ეს ყველაფერი დიდი ხანი გაგრძელდება.
ვთვლი, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ და ვემსახურები მიზანს, რომლის გამოც სპორტი დავიწყე — ჩემი ქვეყნის ერთი რიგითი წარმომადგენელი ვყოფილიყავი. მანამ არ გავჩერდები, სანამ ვთვლი, რომ ეს გამომდის. თუ ვნახავ, რომ ჩემი სპორტული გამოსვლით ქვეყანა შევარცხვინე, წავალ და თავს დავანებებ. აი, ამის თქმა მინდოდა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ბოლო ბრძოლა UFC 333-ზე გამართა. ღონისძიების თანამთავარ მოვლენაში „მანქანა“ პიოტრ იანს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს