„ეს მერაბის სუსტი წერტილია“ | ხავიერ მენდესმა ტრილოგია შეაფასა
MMA-ის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია შეაფასა. მენდესმა, რომელიც უმარ ნურმაგომედოვთან და ისლამ მახაჩევთან მუშაობს, „მანქანის“ სუსტი წერტილი დაასახელა.
„მერაბის საბრძოლო გეგმა ბევრად, ბევრად უკეთესი იყო. ორთაბრძოლას ვუყურებდი და ვფიქრობდი, პიოტრ იანს რა სჭირდა და ჩხუბს როდის დაიწყებდა. იანმა მესამე რაუნდიდან მოუმატა და ბოლო რაუნდის წინ ვიცოდი, რომ 2:2 იყო. პიოტრმა მესამე და მეოთხე რაუნდები წაიღო, მაგრამ კითხვის ნიშნები ნამდვილად არსებობდა. არ გამიკვირდებოდა, ვინმეს ეს რაუნდი მერაბისთვის რომ მიეცა, მაგრამ დვალიშვილმა მეხუთე რაუნდი 100 პროცენტით წააგო — ბოლო რაუნდის მისთვის მიცემა უბრალოდ არ შეიძლებოდა.
საოცარი, ძალიან სანახაობრივი ორთაბრძოლა იყო და იანმა გააკეთა ყველაფერი, რაც თქვა. მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია, ტიტული შეინარჩუნა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დაამარცხა. დვალიშვილი არსად წავა. ნახეთ, თეიქდაუნის რამდენი მცდელობა ჰქონდა? სიგიჟეა.
მერაბს ტანში ძლიერად მეორედ მოარტყეს და დაღმასვლა სწორედ ამის შემდეგ დაეწყო. ამან იანს მეტი მოტივაცია მისცა და, ჩემი აზრით, ეს არის კომპონენტი, რომელიც დვალიშვილს გამოსასწორებელი აქვს. ხალხმა მეორედ შეამჩნია, რომ ტანში დარტყმის შემდეგ პრობლემები ექმნება და ამის გამოყენებას ნამდვილად შეეცდებიან. თუ არ ვცდები, შონ ომალიმაც მოარტყა ტანში ძლიერად, რის შემდეგაც მერაბს პრობლემები შეექმნა. ასე რომ, ტანი მისი სუსტი წერტილია, რომელიც მის მეტოქეებს ჯერ არ გამოუყენებიათ. მე და უმარსაც არ გამოგვიყენებია ეს სისუსტე. ჩემი სირცხვილია, მაგრამ ასეა“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა ტრილოგია მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით წააგო. მერაბს 5-დან 2 რაუნდი მისცეს, იანს — სამი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს