მისი ძალების გამოფიტვა მჭირდებოდა | პიოტრ იანი დვალიშვილთან გამარჯვებაზე
მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბში პიოტრ იანთან ამჯერადაც დამარცხდა. იანმა ქამარი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაიცვა (48-47, 48-47, 48-47).
ბრძოლის შემდეგ პიოტრმა ოქტაგონზე კომენტარი გააკეთა: „ძმაო, ვუსმენდი ჩემს კუთხეს, ვუსმენდი მწვრთნელს, მან მითხრა: „რაუნდების მიხედვით 2:2-ია, მეხუთე რაუნდს იღებ — ბრძოლას ვიგებთ. თანდათან ტემპს ვუმატებდი, მაგრამ თან ვიცოდი, რომ ის ამ ბრძოლაში სხვანაირ ტემპს შემოგვთავაზებდა და მე მისი ძალების გამოფიტვა მჭირდებოდა.
ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის იმ მაყურებლის მხარდაჭერა, რომელიც ამ დარბაზში შეიკრიბა. მე ამას ძალიან ვაფასებ. თქვენი მონაწილეობისა და დასწრების წყალობით ორგანიზდება ასეთი შოუები.
ძმაო, რადგან მე ჩემპიონი ვარ, მეტოქეებს არ ვარჩევ. მზად ვარ ვიბრძოლო ნებისმიერთან, ვისაც ორგანიზაცია მომცემს. სონგ იადონგი, კინგ კონგი — მთავარია, წონა ჩააბაროს და ეგ არის“.
პირველ რაუნდში მერაბს აშკარა უპირატესობა ჰქონდა და პარტერში იანის ორჯერ გადაყვანაც შეძლო. მეორე რაუნდი ასევე დვალიშვილის უპირატესობით წარიმართა, მესამე რაუნდში კი იანმა მოუმატა და მერაბს რამდენიმე მძიმე დარტყმაც მიაყენა. მეოთხე რაუნდში დვალიშვილის მხრიდან თეიქდაუნის წარუმატებელმა მცდელობებმა იმატა, იანი კი დგომში აგრძელებდა საკუთარი გეგმის მიხედვით მოქმედებას. სცენარი არც მეხუთე რაუნდში შეცვლილა და საბოლოოდ პიოტრმა დამსახურებულად გაიმარჯვა, რაც ბრძოლის მერე დვალიშვილმაც აღნიშნა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს