დუბლი და საგოლე პასი - თორნიკემ გოლი ხვიჩას მიუძღვნა
თორნიკე კვარაცხელიას ნამდვილი ბენეფისი უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - თბილისის „დინამოს“ 19-წლამდე გუნდმა საკუთარ სტადიონზე „კოპენჰაგენი“ 3:0 დაამარცხა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი უდავოდ 16 წლის უნიჭიერესი შემტევი გახლდათ, რომელმაც სამივე გოლში უშუალო მონაწილეობა მიიღო და დუბლის შესრულებასთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ანგარიში მეხუთე წუთზე სწორედ უმცროსმა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც დამატებაზე ყველას დაასწრო, გოლი ხვიჩას სტილში აღნიშნა და ტრავმირებულ უფროს ძმას მიუძღვნა. თორნიკე ამით არ დაკმაყოფილებულა და არაჩვეულებრივი გადაცემით 27-ე წუთზე სანდრო მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი კვარამ მეორე ტაიმის დასაწყისში დიდებული დარტყმით დააფიქსირა.
ცნობისათვის, ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი დანიაში 4 ნოემბერს გაიმართება. „კოპენჰაგენის“ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ვასილ გეგუჩაძის მიერ მომზადებული „დინამოს“ ასაკობრივი გუნდის მეტოქე მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფლორენციის „ფიორენტინა“ იქნება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს