„სკოლის სასადილო მაგიდასთან ერთი წამიც ვერ გაძლებდი“ | ჰოკიტმა ილიას უპასუხა
UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯოშ ჰოკიტმა ილია თოფურიას უპასუხა. „ელ მატადორმა“ UFC Freedom 250-ის პრესკონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჰოკიტმა ალექს პერეირას მისამართით უდიდესი უპატივცემულობა გამოხატა, რადგან „პოატანის“ დედაზე უხეშად ილაპარაკა.
ჰოკიტი თოფურიას სიტყვებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ამერიკელმა მებრძოლმა X-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ თუ ილია ასე ფიქრობს, აშშ-ის რომელიმე საშუალო სკოლის სასადილო მაგიდას ვერ გადაურჩებოდა.
„მაშინ ამერიკული საშუალო სკოლის სასადილო მაგიდასთან ერთ წამსაც ვერ გაძლებდი. გადამეტებული მზრუნველობის ქვეშ გაზრდილი ბიჭი ყოფილხარ. მე ვთქვი, მის დედას „შამას“ გავუკეთებ-მეთქი. თუ ეს ასეთი ცუდია, მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება — საერთოდ რას ნიშნავს ეს „შამა“?“
ცნობისთვის, „შამა“ ბრაზილიური სიტყვაა, რომელსაც ალექს პერეირა ხშირად იყენებს. „შამა“ ქართულად ნიშნავს „წავედით!“, „მიდი!“, „დავიწყოთ!“ და მას ჰაიპის ასაწევად, აღფრთოვანების გამოსახატად ან გამოწვევის მისაღებად იყენებენ.