შენგელიას ოთხი ქულა | დუბაი ფენერბაჰჩესთან დამარცხდა
თორნიკე შენგელიას „დუბაი“ ევროლიგის ახალ სეზონში პირველად დამარცხდა. „რეალთან“ და „ბარსელონასთან“ მოგებული მატჩების შემდეგ „დუბაი“ სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და 66:76 წააგო.
მასპინძლებმა მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 12 ქულით, 26:14 მოიგეს. მეორე პერიოდი უკეთესად „დუბაიმ“ ჩაატარა და შესვენებაზე ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა — 39:42. მეორე ნახევარში „ფენერბაჰჩეს“ დაცვამ მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა და საბოლოოდ, თურქებმა 76:66 მოიგეს.
შენგელიამ პარკეტზე 14 წუთი და 20 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 4 ქულა და 1 მოხსნაა. თორნიკემ 1 ორქულიანი ჩააგდო, 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა და 1 სამქულიანი გააფუჭა. შენგელიას პასივში ორი დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი იყო.
ცნობისთვის, „დუბაის“ 2 მოგება და 1 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მერვე პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას ABA League-ის ფარგლებში, „პერსპექტივა ილირიასთან“ 4 ოქტომბერს გამართავს.