ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უსმანი ილიაზე მაღლა? სიგიჟეა“ | MMA-ის ფანები ESPN-ს მწვავედ აკრიტიკებენ

ESPN-მა ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და 30 წლამდე ასაკის MMA-ის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა. შარშანდელ რეიტინგში ილია თოფურია პირველ ადგილს იკავებდა, ახლა კი მესამე პოზიციაზეა.

„ელ მატადორს“ UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯოშუა ვენი და PFL-ის ყოფილი ჩემპიონი, ამჟამად თავისუფალი აგენტი, უსმან ნურმაგომედოვი უსწრებენ. ამ უკანასკნელის ილიაზე წინ დაყენებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. MMA-ის ფანებმა ESPN-ი მწვავედ გააკრიტიკეს და ნურმაგომედოვის მეორე ადგილს სრული სიგიჟე უწოდეს.

„არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც უსმანი ილიაზე მაღლა უნდა იყოს. თოფურიას კარიერის სამი საუკეთესო გამარჯვება ვოლკანოვსკისთან, ჰოლოუეისთან და ოლივეირასთან ჰქონდა. მოდით, ეს მებრძოლები უსმანის ყოფილ მეტოქეებს შევადაროთ“, — დაწერა ერთმა ფანმა.

„რეიტინგი MMA-ის ცრუ ფანმა შეადგინა და ეს აშკარაა. ილია ორი წონითი დივიზიონის ჩემპიონი იყო, როდესაც უსმანი შედარებით დაბალ დონეზე, PFL-ში გამოდიოდა. რანაირად არის ნურმაგომედოვი თოფურიაზე მაღლა? არ ვამბობ, რომ უსმანი ცუდი მებრძოლია, მაგრამ ილიამ ბევრად მეტს მიაღწია“, — აღნიშნა მეორემ.

„უსმანის ილიაზე მაღლა დაყენება სრული სიგიჟეა“, — აცხადებს მესამე ქომაგი.

„უსმანი ილიაზე მაღლა და რეიტინგი არმან ცარუკიანის გარეშე? რა სასაცილოა! ESPN-მა ბევრად უკეთესად უნდა იმუშაოს“, — წერს კიდევ ერთი გულშემატკივარი.

„გეიბლ სტივსონი მერვე ადგილზეა, რეიტინგში არმან ცარუკიანი არაა და უსმანი ილიაზე მაღლაა. რა სისულელეა“, — აღნიშნავს ერთ-ერთი ქომაგი.

ცნობისთვის, „ელ მატადორის“ შემდეგ მაიკლ მორალესი მოდის, მეხუთე ადგილზე კი დაკოტა დიტჩევაა. რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, მეექვსე ადგილზე სონგ იადონგს ვხედავთ, რომელმაც ახლახან უმარ ნურმაგომედოვი დაანოკაუტა. მეშვიდეზე ჯოშ ჰოკიტი იმყოფება, მერვეზე — იან მაჩადო გარი, მეცხრეზე — ნატალია სილვა, ხოლო მეათეზე — ქუილან სალკილდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე