ბათუმის მორიგი მტკივნეული მარცხი - კაპიტულაცია ჩეხეთში
ქართული საკლუბო კალათბურთის განვითარებისთვის იმაზე კარგი არაფერია, რომ საქართველოს ჩემპიონი ევროპულ ასპარეზზე გამოდიოდეს, მაგრამ ისე ნამდვილად არა, როგორც ამას „ბათუმი“ აკეთებს. თამაშის მოგებას ვინ ჩივის, ზღვისპირელები ლამის ყოველ შეხვედრაში სამარცხვინო სხვაობით აგებენ და გამონაკლისი არც ჩეხეთში გამართული მეშვიდე ტურის შეხვედრა გახლდათ, სადაც ადგილობრივმა „ოპავამ“ ბუბა ბერიშვილის მომზადებული კალათბურთელები 104:62 დაამარცხა.
სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში ყველაზე შედეგიანი კარსონ ბაშამი იყო - 24 წლის ამერიკელმა ლეგიონერმა 29 წუთში 19 ქულასთან ერთად, საკუთარ აქტივში 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა. ბაშამმა ათიდან ცხრა ორქულიანი ჩააგდო და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, შვიდიდან მხოლოდ ერთი საჯარიმოს რეალიზება მოახერხა. 12 ქულა დააგროვა ლევან ბაბილოძემ და 10-ქულიან ზღვარს „ბათუმის“ შემადგენლობაში ამ ორი მოთამაშის გარდა, მხოლოდ გიორგი ოჩხიკიძე გადასცდა, რომლის ანგარიშზე 11 ქულა იყო.
ცნობისათვის, 7 მატჩიდან 7 წაგებით „ბათუმი“ ფიბას ევროთასის A ჯგუფში უკანასკნელ პოზიციაზეა და საქართველოს ჩემპიონს ქულების შეფარდების გრაფაში -194 უწერია. ევროასპარეზზე მომდევნო მატჩს ბათუმელები 9 დეკემბერს, შინ საბერძნეთის „პრომითეასთან“ ჩაატარებენ და შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს