გიორგი მამარდაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი კვერნაძე, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ“ | რა თქვეს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩზე

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მესამე ტურში უნგრეთთან სტუმრად 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ლაშა დვალმა, საბა გოგლიჩიძემ, გიორგი მამარდაშვილმა და გიორგი კვერნაძემ კომენტარები გააკეთეს და თამაში შეაფასეს.

ლაშა დვალი

„თამაში მძიმედ დავიწყეთ, გოლიც გავუშვით. ტაიმის ბოლოს მომენტები გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა ფეხბურთია და ეს ხდება. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ამ თამაშშიც გვქომაგობდნენ. სამი თამაშია დარჩენილი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მომდევნო შეხვედრებში გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხი გავახაროთ.

ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც გუნდს რთული პერიოდი უდგას. მსგავს სიტუაციაში შეიძლება ნებისმიერი გუნდი აღმოჩნდეს და დარწმუნებული ვარ, ეს დროებითია. მჯერა ამ გუნდისა და ბიჭების პოტენციალის. აუცილებლად ვიქნებით იქ, სადაც ვიმსახურებთ ყოფნას. ბიჭები მენტალურად ერთად ვდგავართ. ვიცით, რომ ვითარება გამოსასწორებელია და პოზიტივისკენ უნდა შეიცვალოს, ეს კი მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება მოხდეს“.

საბა გოგლიჩიძე

„გეთანხმებით, რომ რთული პერიოდი გვაქვს. ფეხბურთში ეს ხშირად ხდება ხოლმე. ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ახლა რთული პერიოდი გვიდგას და დროა, აღმასვლა დაიწყოს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან აუცილებლად მოსაგები გვაქვს, სხვა შედეგს არც განვიხილავთ. ახალი მწვრთნელი გვყავს და 5-6 დღეში თამაშის დალაგება ურთულესია. ჩემი აზრით, დროის გასვლასთან ერთად უკეთესი ნაკრები გავხდებით“.

გიორგი მამარდაშვილი

„გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ალბათ პრობლემა მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლის თამაშიც გვინდოდა. მოწინააღმდეგეც კარგად თამაშობდა. იცოდნენ, რას აკეთებდნენ და საბოლოო ჯამში გაგვიჭირდა მომენტების შექმნა. მაქსიმუმს გავაკეთებთ და შემდეგი თამაშისთვის კარგად მოვემზადებით. საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში და დავიბრუნოთ ის შემართება და ენერგია, რაც აქამდე გვქონდა“.

გიორგი კვერნაძე

„მეორე ნახევარში, განსაკუთრებით ბოლო 20-25 წუთის განმავლობაში, ნამდვილად გვქონდა მომენტები და შეგვეძლო გოლის გატანა, თუმცა ეს ვერ მოვახერხეთ. მძიმედ ვითამაშეთ. შეგვეძლო ყველასთან მოგება და ყველასთან რაღაც წარმატებისთვის მიგვეღწია, მაგრამ ახლა ნამდვილად რთული პერიოდი გვაქვს. თუმცა ყველაფერი კარგად იქნება. ამის უნდა გვწამდეს და გვჯეროდეს. თუ ყველანი ერთად ვიქნებით — ფეხბურთელები და გულშემატკივრები — ვფიქრობ, ისევ დავიბრუნებთ იმ სიხარულს, რომელიც ადრე გვქონდა“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 5 ოქტომბერს არის დანიშნული და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე
„მატჩის შემდეგ ამ დარტყმაზე ვილაპარაკეთ“ | სობოსლაი მამარდაშვილზე